არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი ჯუანშერ ბურჭულაძის გარშემო ტრიალებდა, ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კორუფციის თემა, რომელიც კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, საგანგებოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ნებისმიერი ქვეყანა დაინგრევა, თუ კორუფცია არსებობს.
„რაც მოხდა, ცუდი ფაქტია, ამას არც ვუშვებდი. ჯუანშერს ერთხელ თუ ორჯერ ვარ შეხვედრილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვიფიქრებდი, რომ ამხელა კორუფციული სისტემა იყო აწყობილი და ეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებდა. ჩვენთვისაც ცუდი ფაქტია, მაგრამ უფრო უარესი ფაქტი იქნებოდა, რომ დამალო და არ წარმოადგინო ის რეალობა, რაც არსებობს. კორუფციის თემა, როგორც არ უნდა იყოს გაანალიზებული, რომელიც კუთხითაც არ უნდა იყოს შეფასებული, საგანგებოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის. ამიტომ არის საქართველო კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებლით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის. ნებისმიერი ქვეყანა დაინგრევა, თუ კორუფცია არსებობს. წარსულში იქნება თუ აწმყოში, ეს ყველაფერი უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული, შეფასებული და მკაცრი ზომები უნდა იყოს გატარებული. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო. ვნახოთ, რა პოზიცია აქვს დაცვის მხარეს. ყველაფერს გამოძიება აჩვენებს. არ უნდა დავუშვათ, რომ ვინმეს ეჭვი დარჩეს რაღაცა დანაშაულის დაფარვის მცდელობაზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
კითხვაზე, მოხდება თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დაკავება, გია ვოლსკი პასუხობს, რომ ვერც წარმოუდგენია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რამე დანაშაულში შეიძლება იყოს გახვეული.
„ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ. ახალგაზრდა იყო, საკმაოდ შეძლებული, თავისი ოჯახი საკმაოდ სერიოზული შემოსავლით იყო. ამიტომ გამიკვირდება და ვერც ვუშვებ, რომ შეიძლება, რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ ასეთი ფორმულაა – არაფერი არ უნდა გამორიცხო ცხოვრებაში, მაგრამ ადამიანები ვართ, ჩვენი სისუსტეებიც გვაქვს და შეიძლება, გამორიცხო კიდეც. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, ნებისმიერი ადამიანი, ვინც სახელმწიფოს დაუპირისპირდება ასეთი ბოროტი დანაშაულით, როგორიცაა კორუფცია, ყველას პასუხი მოეთხოვება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.