ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ არჩევნებში მონაწილეობას და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან შიდა ტერორისტები. ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მან კომენტარი გააკეთა სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ მოქალაქეების არჩევნებზე არმისვლა შეცდომა იქნება და ეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია. მისივე თქმით, სალომე სამადაშვილი წარმოადგენს იმ პარტიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, მაგრამ პარალელურად ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს, ამიტომ მის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
„დემოკრატია გულისხმობს არჩევნებს და არჩევნებში მონაწილეობას და ხელისუფლებაში მოსვლის ერთადერთი გზა, ეს გახლავთ არჩევნები. ის, ვინც უარს ამბობს არჩევნებზე, დეფინიციითვე არის ექსტრემისტი და რადიკალი. თავისთავად იმ განცხადების მომენტშივე, როდესაც უარს ამბობენ არჩევნებზე, არიან ექსტრიმისტები და რადიკალები. ისინი, რომლებიც ამბობენ, რომ თავადაც არ იღებენ და სხვასაც ხელს შეუშლიან, არიან უკვე შიდა ტერორისტები, რომლებსაც სურთ, რომ მოქალაქეებს წაართვან ხმის უფლება. ასე რომ ჩვენ საქმე გვაქვს ექსტრემისტებთან. რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადება, რომელიც ამის საწინააღმდეგოა, მისასალმებელია, თუმცა შეგახსენებთ, რომ სალომე სამადაშვილი, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის თანაშემოქმედი, გახლავთ იმ პარტიაში, რომელიც ამბობს, რომ არჩევნებიც უნდა იყოსო და შემდეგ დამხობაც უნდა მოხდესო. სხვადასხვა კალათაში რომ უნდათ კვერცხები ჩაალაგონ, ეს ქალბატონი სალომეს პრობლემაა, ვერ გარკვეულა, უნდა რომ იტივტივოს, არჩევნებშიც იყოს და დამხობის [პროცესშიც]. ამიტომ, ამ მხრივ მათ სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, მნიშვნელოვანია გამოვიდეს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ დაანახოს ყველა იმ უცხოელს, რომელიც თავს ესხმის დღეს საქართველოს, რომ საქართველო არ არის ის ორკების ჯგუფი, რომლებიც ღამღამობით გამწვავებით დაიარებიან ქუჩებში“, – აცხადებს პაპუაშვილი.