შემდეგი მიზანი, რომელიც „დიპ სტეიტს“ აქვს, კონკრეტული სახელმწიფოების აღმასრულებელი ხელისუფლებების – მთავრობების საკუთარი გავლენისთვის დაქვემდებარებაა,- ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, „დიპ სტეიტი“ თუკი ვერ მოახერხებს სუვერენული ქვეყნის მთავრობის მთლიანად დაქვემდებარებას, მისი მიზანია, კონკრეტული, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანოები მაინც დაიქვემდებაროს.
„ამისთვის ორი გზა შეიძლება არსებობდეს, რაც ისევ და ისევ საქართველოს მაგალითზე ჩანს. თუკი შეძლებენ, ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა მოიყვანონ- მთავრობის მთელი ვერტიკალი: პრეზიდენტი, მინისტრები, კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები, მათთვის მისაღები ინდივიდებით კომპლექტდება, რისი დასტურიც სააკაშვილის ხელისუფლება და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ძალები მარცხდებიან – განსხვავებულ ტაქტიკას ირჩევენ. ბუნებრივია, იწყება მითითება ძალაუფლების დეკონცენტრაციისა და მართვაში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების ჩართვის აუცილებლობაზე, გადაწყვეტილების პროცესში უცხოეთიდან დაფინანსებული „არასამთავრობო ორგანიზაციების“ ჩართულობის საჭიროებაზე, რეკომენდაციებს გასცემენ გაურკვეველი, „დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების“ ჩამოყალიბებაზე, რომლის ხელმძღვანელიც ე.წ. ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა შეირჩეს, მოითხოვენ, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით იქნეს მიღებული, რისთვისაც პარლამენტის, ან რომელიმე საბჭოს შემადგენლობის ნახევარი კი არა, ორი მესამედი ან სამი მეოთხედია საჭირო. ხშირად გვესმის რეკომენდაცია, რომ ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროსგან დამოუკიდებელი ორგანო უნდა იყოს, რაც, სიღრმისეულად თუ დავფიქრდებით, ნონსენსია – ვისაც ეკონომიკური პრინციპები მინიმალურ დონეზე მაინც ესმის, აუცილებლად გაუჩნდება შეკითხვა, როგორ შეიძლება ეროვნულმა ბანკმა ფინანსთა სამინისტროს მიღმა, მასთან კოორდინაციის გარეშე აწარმოოს მონეტარული პოლიტიკა? თუმცა, „დიპ სტეიტისთვის“ ეს სწორი მიდგომაა, რასაც ბევრჯერ ნახსენები მათი მიზანი განაპირობებს – თუკი ვერ მოახერხებს სუვერენული ქვეყნის მთავრობის მთლიანად დაქვემდებარებას, კონკრეტული, სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ორგანოები მაინც დაიქვემდებაროს და მის ხელმძღვანელად საკუთარი აგენტის დანიშვნა უზრუნველყოს! ოლიგარქების მოქმედების ლოგიკა ამ შემთხვევაშიც ისეთივეა, როგორც საკანონმდებლო ორგანოს დამორჩილების მცდელობის პროცესში – არ შეიძლება მთავრობა ერთ პოზიციაზე მდგარი, მწყობრი ლოგიკისა და შეხედულებების მქონე ერთიანი გუნდით იყოს დაკომპლექტებული. რაც შეიძლება მეტი განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი, სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე ინდივიდები თუ არიან აღმასრულებელი ხელისუფლების მუშაობაში ჩართული, მართვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება, ეს კი „დიპ სტეიტს“ ყველაზე ნოყიერ ნიადაგს უქმნის იმისთვის, რომ შექმნილ ქაოსში საკუთარი აგენტურა წამყვან პოზიციებზე შემოიყვანოს,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.

