საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის და მურთაზ ზოდელავას საქმეზე პროცესი გაიმართა. ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება სახელმწიფო მოხელისთვის ქრთამის შეთავაზება და მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ.
მურთაზ ზოდელავას ბრალდება კი ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში უკანონო ჩარევას გულისხმობს.
სასამართლო პროცესს ესწრებოდა ლევან ხაბეიშვილი. მურთაზ ზოდელავამ პროცესზე დასწრებაზე უარი განაცხადა. ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
„ტელევიზიებს მინდა ვუთხრა – იცი, როგორ მეცოდებით? თემების მოგონება გიწევთ, ხალხო, გარეთ არაფერი ხდება და იგონებთ. გეფიცები, მეცოდებით, რომ გიყურებთ, საწყლად წვალობთ. ყველა პოლიტიკოსს მივმართავ, ჩემიანსაც, სხვისიანსაც. ჭკუას კი არ გარიგებთ, გულშემატკივრის პოზიციიდან ვამბობ. არაფრის მომცემი ეთერი არის დათრგუნველი ადამიანისთვის, რომელიც ელოდება იმედს. არ მოდის თქვენგან არც იმედი, არც არაფერი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.
