როდესაც ლონდონი Imedi-სა და POSTV-ს „რუსულ დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს, ჩნდება ორი ძირითადი კითხვა – ვინ დანიშნა დიდი ბრიტანეთი გლობალურ არბიტრად სიმართლის საკითხში და რა ითვლება „რუსულ დეზინფორმაციად”, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
როგორც ის აღნიშნავს, პარადოქსია, რომ თავად ტერმინი „დეზინფორმაცია“ სულ უფრო ხშირად იქცევა პოლიტიკურ ინსტრუმენტად.
„როდესაც ლონდონი ქართულ ტელეკომპანიებს Imedi-სა და POSTV-ს „რუსულ დეზინფორმაციაში“ ადანაშაულებს, ბუნებრივად ჩნდება ორი ძირითადი კითხვა: 1) ვინ დანიშნა დიდი ბრიტანეთი გლობალურ არბიტრად სიმართლის საკითხში და 2) რა ითვლება “რუსულ დეზინფორმაციად” – ის რომ ქართული ტელეარხების “ბრალით” უკრაინამ ჯერ ვერ აღმართა თავისი სახელმწიფო დროშა კრემლის თავზე? თუ კრიტერიუმი უკრაინის თემაზე „სწორ ხაზთან“ სრული თანხვედრაა, მაშინ ეს უკვე ჟურნალისტიკა აღარ არის – ეს ლოიალობის იდეოლოგიური ტესტია.
უხლა კი ავიღოთ რამდენიმე ნიშანდობლივი შემთხვევა თავად ბრიტანელების “ყველაზე სანდო” BBC-ის პრაქტიკიდან – მედიასაშუალებისა, რომელიც ხშირად წარმოჩენილია როგორც სტანდარტების ეტალონი:
ალ-აჰლის საავადმყოფოს აფეთქება ღაზაში (2023) – პირველ საათებში ეთერში გაჟღერდა ფორმულირებები, რომლებიც ქმნიდა პასუხისმგებლობის შთაბეჭდილებას ისრაელის მიმართ, მოგვიანებით კი გაჩნდა დაზუსტებები და კორექტირებები. ფორმალურად – „ვითარების სწრაფი განვითარებით“ ახსნეს, ფაქტობრივად კი – მილიონობით მაყურებელმა მიიღო პირველადი ემოციური სიგნალი, რომლის სრულად გაუქმება შემდგომი განმარტებებით უკვე შეუძლებელი გახდა
BBC-ის დოკუმენტური ფილმი ღაზაზე, რომელიც ბრიტანული “მედია-აუდიტის” დასკვნით – არღვევდა მაუწყებლობის კოდექსს. აღმოჩნდა, რომ მაყურებელს არ მიეწოდა მნიშვნელოვანი კონტექსტი, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მის აღქმაზე. ეს არ არის “ანონიმური ბლოგი” – ეს არის სახელმწიფო მაუწყებელი მილიარდიანი ბიუჯეტით
2025 წლის ბოლოს ყველამ ვიხილეთ BBC-ის მასალა საქართველოს შესახებ, სადაც გაისმა მტკიცებები თითქოს ხელისუფლება იყენებდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ „ტოქსიკურ ნაერთებს“ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ. ქართულმა მხარემ მაშინ ეს კატეგორიულად უარყო და იურიდიულ ნაბიჯებზე დაიწყო საუბარი – ამისთვის ხომ არ იძიებს ეხლა შურს ბრიტანეთის დეზინფორმაციული მანქანა?
ქიმიურ-ტექნიკური დეტალების გვერდზე გადადების შემთხვევაშიც კი, ბრიტანელების მიერ მიღებული ეფექტი ნათელი იყო: მიუღებელ ხელისუფლებას მიაყენეს რეპუტაციული დარტყმა, სახელმწიფოსთვის შიდა დაძაბულობის ფონზე, რაზეც პოლიტიკურად მომაკვდავმა ოპოზოციამ რიტუალური “ვუდუს როკვა” წამოიწყო. ყველა მსგავს შემთხვევაში ვხედავთ ერთ სქემას: როდესაც “შეცდომას” უშვებს „გლობალური სტანდარტი“, ამას ეწოდება “რთული კონტექსტი”, “სარედაქციო უზუსტობა” ან „სამუშაო პროცესი“.
ხოლო როდესაც ქართული ტელეკომპანია არ აშუქებს 24/7 რეჟიმში უკრაინის არმიის “გარდაუვალი გამარჯვების” ნარატივს, ეს უკვე „დეზინფორმაციად“ ფასდება და სანქციების საფუძველი ხდება.
პარადოქსია, რომ თავად ტერმინი „დეზინფორმაცია“ სულ უფრო ხშირად იქცევა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. იგი აღარ ნიშნავს ფაქტების შეგნებულ ფაბრიკაციას – იგი ნიშნავს გაბატონებულ იდეოლოგიურ ხაზთან შეუთავსებლობას. ომის პირობებში საინფორმაციო სივრცე პოლარიზებულია, მაგრამ ნებისმიერი განსხვავებული ინტონაციის „რუსულ გავლენად“ გამოცხადება მარტივი, თუმცა სახიფათო გზაა.
სუვერენულ სახელმწიფოს აქვს უფლება, ჰქონდეს მედია-სივრცე, სადაც ისმის სხვადასხვა აქცენტი – მკვეთრად პრო-უკრაინულიდან უფრო ფრთხილ ან პრაგმატულ პოზიციამდე. თუ მედიის ლეგიტიმურობის კრიტერიუმი ხდება ლონდონსა და ბრიუსელთან იდეოლოგიური სინქრონიზაცია, მაშინ საუბარია არა ჟურნალისტიკის სტანდარტებზე, არამედ გარე პოლიტიკურ ფილტრზე.
ამაშია მთავარი ორმაგი სტანდარტი: დასავლური მედია-სტრუქტურები შეიძლება შეცდნენ, გააკეთონ კორექტირება და გააგრძელონ მაუწყებლობა სანქციების გარეშე. ქართულ არხებს კი „დეზინფორმაციის“ იარლიყი ენიჭებათ არა დადასტურებული ფაბრიკაციისთვის, არამედ ფეიკ-მოლოდინებთან შეუსაბამობისთვის. საბოლოოდ კითხვა არც BBC-ზეა და არც კონკრეტულ არხებზე – კითხვა იმაშია, ვინ და რა წესებით განსაზღვრავს დასაშვები აზრის საზღვრებს XXI საუკუნეში“, – წერს იგი.
