კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ოთხშაბათს დილით კუბის ძალებმა ფლორიდაში რეგისტრირებულ სწრაფმავალ კატარღაზე მყოფი ოთხი ადამიანი მოკლეს. ხომალდზე მყოფი კიდევ ექვსი პირი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, კუბის სასაზღვრო დაცვის ჯარები კატარღას მისი იდენტიფიცირების მიზნით მას შემდეგ მიუახლოვდნენ, რაც მან კუბის ტერიტორიულ წყლებში, ვილა-კლარას პროვინციაში მდებარე ფალკონესის კუნძულთან შეცურა.
განცხადების თანახმად, ამის შემდეგ კატარღიდან კუბის ძალების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც გემის მეთაური დაიჭრა. საპასუხოდ, მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს.
კატარღაზე მყოფი პირების მოქალაქეობა უცნობია. ფალკონესის კუნძული ფლორიდიდან დაახლოებით 160 კილომეტრის მანძილითაა დაშორებული.
„არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, კუბა კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაიცვას თავისი ტერიტორიული წყლები იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ეროვნული თავდაცვა კუბის სახელმწიფოს ფუნდამენტური საყრდენია მისი სუვერენიტეტისა და რეგიონში სტაბილურობის დასაცავად“, – ნათქვამია კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
