აშშ არ დაეყრდნობა კუბის მთავრობის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ვაშინგტონი ფაქტებს დამოუკიდებლად გადაამოწმებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს არ იყო აშშ-ის ოპერაცია და აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები არ იყვნენ ჩართული.
„კუბის ხელისუფლებამ გვაცნობა კუბის სანაპიროსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყეთ გამოძიება. ამჟამად შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, სანაპირო დაცვა და სხვები არიან ჩართულნი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის უმეტესი ნაწილი არის ის, რასაც კუბის ხელისუფლება აწვდის როგორც საზოგადოებას, ასევე აშშ-ის მთავრობას. ჰავანაში ჩვენი საელჩო მუშაობს ამ საკითხზე და ითხოვს გემებზე მყოფი ადამიანების ნახვას, თუ ისინი ამერიკის მოქალაქეები ან მუდმივი მცხოვრებლები იყვნენ. კუბის რეჟიმის თანახმად, გემი რეგისტრირებული იყო ფლორიდაში. მალე გავიგებთ ამ ინციდენტის შესახებ ბევრად მეტ ფაქტს, ვიდრე ახლა ვიცით. როგორც კი მეტ ინფორმაციას შევაგროვებთ, მზად ვიქნებით შესაბამისი რეაგირებისთვის. არ ვაპირებ სპეკულირებას. არ ვაპირებ აზრის გამოთქმას. ჩვენ ზუსტად გავარკვევთ, რა მოხდა და შემდეგ შესაბამისი რეაგირება გვექნება. ძალიან უჩვეულოა ასეთი სროლების ნახვა ღია ზღვაში. ეს არ არის ის, რაც ყოველდღე ხდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის ის, რაც კუბასთან, დიდი ხანია, არ მომხდარა. ყველაფერს გავარკვევთ“, – განაცხადა რუბიომ.
ცნობისთვის, კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კუბის სანაპირო დაცვამ აშშ-ში რეგისტრირებულ გემს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
