დონალდ ტრამპი ორ დემოკრატ კონგრესმენს დეპორტაციით ემუქრება. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა. ტრამპის თქმით, კონგრესში მისი გამოსვლის დროს, დემოკრატი კონგრესმენების ქცევა მიუთითებს, რომ ისინი შეშლილები არიან და საჭიროა მათი დეპორტაცია.
ტრამპი ქვეყნიდან გაძევებით დაემუქრა მსახიობ რობერტ დე ნიროსაც, რომელსაც ავადმყოფი უწოდა.
„როდესაც უყურებ დაბალი IQ-ს მქონე ილჰან ომარს და რაშიდა თლაიბს, რომლებიც უკონტროლოდ ყვიროდნენ გუშინ ღამით კონგრესის წინაშე ჩემი ძალიან ელეგანტური გამოსვლის დროს, ასეთი მნიშვნელოვან და ლამაზ ღონისძიებაზე, ხედავ მათი უპეებიდან გადმოვარდნილ, გიჟების, შეშლილი ადამიანების, ფსიქიკურად ავადმყოფების წითელ თვალებს, ისე გამოიყურებიან, რომ მათი ფსიქიატრიულში გადაყვანაა საჭირო. ისინი მოსყიდული და კორუმპირებული პოლიტიკოსები არიან, რომლებიც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაგზავნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ. მათ შეუძლიათ, აშშ მხოლოდ დააზიანონ, მათ ჩვენი ქვეყნის დახმარება არ შეუძლიათ.
ისინი ერთ ნავში უნდა ჩასხდნენ ტრამპზე გადაკიდებულ რობერტ დე ნიროსთან, კიდევ ერთ ავადმყოფ და გონებაარეულ ადამიანთან ერთად, რომელსაც, როგორც მე მივიჩნევ, უკიდურესად დაბალი IQ აქვს, აბსოლუტურად არ იცის, რას აკეთებს ან ამბობს და ზოგიერთი მისი გამონათქვამი ნამდვილი კრიმინალია“, – წერს დონალდ ტრამპი.
