ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში პსჟ საკუთარ მოედანზე „ჩელსი“ 5:2 დაამარცხა.
სახლში „მონაკოსთან“ 1:3 დამარცხების შემდეგ, პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობა შეცვალა და კვარაცხელია სასტარტოში არ დააყენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, მონეგასკებთან დიდად თავი არც სხვებს და მათ შორის დუესაც არ გამოუჩენია.
მასპინძლებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და ბარკოლამ დააწინაურა. მერე ბრედლის დუბლის შესრულების საშუალება მეკარე იორგენსენმა არ მისცა. აქედან მოყოლებული პარიზელთა შეტევები მინავლდა, სტუმრები იერიშებზე გადავიდნენ და გიუსტომ ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, სწრაფი კონტრშეტევისას დემბელემ ფოფანა ჩამოიცილა და ბურთს ლონდონელთა კარში მიუჩინა ადგილი.
57-ე წუთზე ფერნანდესმა თანაფარდობა აღადგინა, მალე ლუის ენრიკემ თამაშის გასამწვავებლად დუე ხვიჩათი შეცვალა და მისი პასით ვიტინიამ გაიტანა. ქართველს თავად შეეძლო გატანა, მაგრამ გადაცემა პორტუგალიელს გაუკეთა. და ამ დროს „კვარაზე“ ფრანგული გამოცემები წერენ, ეგოისტურად მოქმედებსო. ამასაც არ დასჯერდა კვარაცხელია და იორგენსენს შორიდან თქვენი მოწონებული ბურთი შეუგდო, კომპენსირებულ დროში დუბლიც შეასრულა და პსჟ-ს გამარჯვება მოუპოვა.
საპასუხო შეხვედრა 17 მარტს „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩატარდება.
პარიზი. „პარკ დე პრენსი“
პსჟ – ჩელსი 5:2
გოლები: 1:0 ბარკოლა (10), 1:1 გიუსტო (28), 2:1 დემბელე (40), 2:2 ფერნანდესი (57), 3:2 ვიტინია (74), 4:2 კვარაცხელია (86), 5:2 კვარაცხელია (90+4)

