ფორმულა1-ის (F1) ბაჰრეინისა და საუდის არაბეთის აპრილის ეტაპები ომის გამო არ ჩატარდება. შესაძლოა, რბოლები ამავე წლის მოგვიანებით პერიოდში გაიმართოს: სიტყვა „გაუქმება“ არ გაჟღერებულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული გადაწყვეტილება იყო, ამ ეტაპზე ის, სამწუხაროდ, სწორია ახლო აღმოსავლეთში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით“, – განაცხადა F1-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფანო დომენიკალიმ.
ბაჰრეინის გრან-პრი 12 აპრილს სახირში უნდა ჩატარებულიყო, ხოლო საუდის არაბეთის რბოლა – ერთი კვირის შემდეგ ჯიდაში. მედიაში ვრცელდებოდა ცნობები იმის შესახებ, რომ რბოლები შესაძლოა იტალიასა და პორტუგალიაში გადაიტანონ, თუმცა ყველაფრის ასე სწრაფად ორგანიზება ვერ მოხერხდა.
შესაბამისად, 29 მარტის იაპონიის გრან-პრისა და 3 მაისის მაიამის რბოლას შორის ხუთკვირიანი შესვენება იქნება. სეზონის ბოლო ორი ეტაპი 29 ნოემბერს კატარში და 6 დეკემბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია დაგეგმილი, რომლებიც ასევე გახდნენ ირანის მხრიდან თავდასხმის ობიექტები, თუმცა F1-ში იმედოვნებენ, რომ რბოლები გეგმის მიხედვით ჩატარდება.
