მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც გურამ კაშიას ეროვნული გუნდიდან წასვლასა და მარტის ამხანაგური მატჩების შესახებ ისაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა პრესკონფერენციის დასაწყისში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ საწვრთნელ შეკრებას დღეს თბილისში დაიწყებს. „ჯვაროსნები“ 26 მარტს, თბილისში, ისრაელს დაუპირისპირდებიან, ხოლო 29 მარტს ლიეტუვას კაუნასში ესტუმრებიან.
„გურამ კაშია ქართული ფეხბურთის ლეგენდად შეიძლება მოვიხსენიოთ. ეს მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა. გურამთან ყველაფერზე შემეძლო საუბარი, ფეხბურთზე თუ სხვა თემებზე. ჩემი და კოლეგების სახელით ვიტყვი, რომ მასთან მუშაობა უდიდესი პატივი იყო.
ამჟამად ჩვენთვის მთავარია, ბალანსი ვიპოვოთ შეტევასა და დაცვას შორის, რის გამოც ბოლო ციკლში კარგი შედეგები არ გვქონდა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მარტში დაგეგმილი ორი ამხანაგური შეხვედრა. ბიჭებს დაველაპარაკები და ვეტყვი, როგორ უნდა მოვემზადოთ შემდეგი ციკლისთვის.
ბოლო სანაკრებო ციკლი რთული გამოდგა. ბურთის კონტროლი უკეთ უნდა შეგვეძლოს. გამოსავალს ვეძებთ. როგორც მწვრთნელი, მუდმივად ვფიქრობ, როგორ გამოვასწოროთ თამაში. ყველა აღიარებს, რომ ბოლო შეხვედრები ისეთი არ გამოვიდა, როგორიც გვსურდა.
ქოჩორაშვილს რაც შეეხება, ვაკვირდებით მის მდგომარეობას, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მას მუხლის ტრავმა აწუხებდა, თუმცა მოედანს უბრუნდება და იმედია, ივნისში ნაკრებს შემოუერთდება.
ამ ეტაპზე ნაკრების კაპიტანი გურამ კაშიაა. ახალ კაპიტანთან დაკავშირებით შემდეგ ფეხბურთელებს დაველაპარაკებით და გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ“, – ამბობს ვილი სანიოლი.
