სამართალდამცველებმა პარიზში, Bank of America-ს შენობასთან ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციის პატრულმა შენიშნა და დანაშაულის ადგილზე დააკავა კაცი, რომელიც ამერიკული ბანკის განყოფილების შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას აპირებდა. საფრანგეთის პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 28 მარტის ღამეს მოხდა.
გამოძიების მონაცემებით, პირს, რომელიც ტერაქტის განხორციელებას ცდილობდა, თან ჰქონდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა – ხუთლიტრიანი კანისტრა, რომელიც, სავარაუდოდ, საწვავით იყო შევსებული და პიროტექნიკური ნაკეთობა, რომელიც დეტონატორის როლს ასრულებდა.
დაკავებულმა განაცხადა, რომ პლატფორმა Snapchat-ის საშუალებით გადაიბირეს და დავალების შესრულების სანაცვლოდ 600 ევროს დაჰპირდნენ. მას ჰყავდა თანამზრახველიც, რომელსაც ყველაფერი ვიდეოზე უნდა გადაეღო. მეორე დამნაშავემ მიმალვა მოასწრო.
საფრანგეთის საგამოძიებო უწყების ვარაუდით, ტერაქტის მცდელობა „ევროპაში ამერიკული და ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ ირანის მხრიდან გაჟღერებული მუქარების რეალიზებას“ წარმოადგენს.
