მთავრობის საპარლამენტო მდივანი „ქრონიკასთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი, თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა მინისტრების თანამდებობებისაგან.
ვახტანგ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მთავრობა აჩვენებს რა არის კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტი და ამჯერად ეს პრიორიტეტია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცება.
როგორც მან ახალი სახელმწიფო მინისტრის აპარატზე საუბრისას განცხადა, აპარატის ფუნქციაა ხელი შეუწყოს პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობას და ამას მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.
„სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია და იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოს მიაჩნია, რომ კონკრეტული, სახელმწიფოსათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია ამ თანამდებობის შემოღება. ის განსხვავდება ჩვეულებრივი მინისტრებისაგან, რომლებიც სტანდარტულად არსებობენ თავიანთი აპარატით თუ შესაბამისი ორგანიზაციის ფორმით, თუმცა ამ კონკრეტული თანამდებობის შემოღების ეტაპზე, სახელმწიფო ხაზს უსვამს, რომ მისთვის ის მიმართულება, რაშიც სახელმწიფო მინისტრი ინიშნება და რა მანდატიც მას აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების ფარგლებში გადაეცემა, პრიორიტეტულია, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ტრადიციული სამინისტროებისა და უწყებების ინსტიტუტის გარდა არსებობს კიდევ სპეციალური თანამდებობა, რომელიც ამ მიმართულებას კოორდინაციას და უწყებათაშორის ხელმძღვანელობას გაუწევს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის არსებობა არ არის ის საკითხი, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს მეორე ხარისხოვანი და შეიძლება ითქვას ტექნიკური საკითხიც კი არის. აპარატის ერთადერთი ფუნქცია და დანიშნულება არის იმ როლის შესრულება, რომელიც გულისხმობს ხელშეწყობას კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირის მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის. ასეთი ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იქიდან გამომდინარე, რომ რეალურად იმ აღმასრულებელი ფუნქციების განხორციელება მოხდება სახელმწიფო მინისტრის მხრიდან, რომელიც მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებებს წარმოადგენდა“, – აღნიშნა ბაჩიაშვილმა.
