საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც კათოლიკოს-პატრიარქი უნდა აირჩიონ, მომდევნო კვირაში გაიმართება. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქაშუეთის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
„თქვენ იცით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს დიდი საეკლესიო კრების, გაფართოებული საეკლესიო კრების ჩატარება, სადაც უნდა მოხდეს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა. მინდა, ვთხოვო ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყოველ თქვენგანს, ჩვენს ძვირფას მრევლს, რომ გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ჩავატაროთ ღირსეულად, მშვიდობიანად, სიყვარულით, რომ ღვთის ნება გამოჩნდეს და ყოფილიყოს ჩვენი ეკლესიის, ჩვენი ერისთვის სასარგებლო არჩევანი, გადაწყვეტილება. პირველ რიგში, ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს მისი მადლი“, – განაცხადა მეუფე შიომ.
სინოდმა პატრიარქობის სამი კანდიდატი 28 აპრილს შეარჩია. პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი). ფარული ხმის მიცემის შედეგად კანდიდატთა ხმები ასე გადანაწილდა: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.
