დიდი პატივია, რომ ჩამოვედი საქართველოში, ღვინის აკვნის ქვეყანაში და ვხსნით ამ საერთაშორისო დღეს. ეს არის განსაკუთრებული ინიციატივა, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიასა და იდენტობას მსოფლიო ცივილიზაციასთან აკავშირებს, – ამის შესახებ ვაზისა და ღვინის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ჯონ ბარკერმა ღვინის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში უკვე 8 ათას წელზე მეტია, ეს განსაკუთრებული სასმელი იწარმოება.
„ღვინო უნიკალური სოციალური კავშირების დამამყარებელია – სოფელსა და ქალაქს, ეროვნულ და საერთაშორისო ფასეულობებს ერთმანეთთან აკავშირებს. ის საზოგადოების ყველა წრეს ეხება, როგორც მიკრობიოლოგებსა და ღვინის ტექნოლოგებს, ასევე მარკეტოლოგებს. ღვინო უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის, პროზისა და პოეზიის საფუძველია. ქვევრის ღვინის წარმოების მეთოდი, როგორც მოგეხსენებათ, იუნესკო-ს უკვდავი მემკვიდრეობის საფუძველია და ჩვენ დღეს სწორედ ამას აღვნიშნავთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ დარგში, მიუხედავად მრავალი გამოწვევისა – გლობალური დათბობის, ეკონომიკური წნეხის, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და სხვა ფაქტორებისა, ხაზს ვუსვამთ ამ განსაკუთრებულ ღვინოს, ჩვენს მიღწევას, რომელიც საზოგადოებას მოჰყვება ვაჭრობის პირველივე შემთხვევიდან და რომელიც ათასობით წლის წინ მოხდა.
ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას ჟურნალისტებთან, სომელიეებთან, ღვინის მწარმოებლებთან, მეცნიერებთან, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებასა და ფასეულ ინფორმაციას ამ ღონისძიებაზე. ორგანიზაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ, მნიშვნელოვანი პოლიტიკის განმსაზღვრელია. წლების წინ ჩვენ შევქმენით თანამშრომლობის მექანიზმის საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, 51 ქვეყნის მეცნიერები და მწარმოებლები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციასა და რეკომენდაციებს, რათა ეს დარგი განვითარდეს. საქართველო ჩვენი ორგანიზაციის ფასეული წევრია უკვე მრავალი წელია. 1962 წელს ღვინის კონგრესი საქართველოში ჩატარდა. 2010 წელს მქონდა პატივი, პირველად ჩამოვსულიყავი საქართველოში და განსაკუთრებული ურთიერთობა დამემყარებინა ამ მართლაც ბრწყინვალე ქვეყანასა და ხალხთან.
დღეს მე სიამაყით ვადასტურებ, რომ დავით სონღულაშვილის ინიციატივით, მსოფლიოს ღვინისა და ვაზის კონგრესი მომდევნო წლის ოქტომბერში საქართველოში გაიმართება. ჩვენ ამ ინიციატივას დიდი სიამოვნებით ვუჭერთ მხარს. გასულ კვირას ამ საკითხზე უკვე გაიმართა საუბარი და მინისტრს შეუძლია, მოსაწვევები მთელ მსოფლიოში გააგზავნოს. ყველა ქვეყნიდან მწარმოებლები ჩამოვლენ საქართველოში, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა მოხდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, აღმოაჩინოს საქართველო, ისევე როგორც ჩვენ ვაკეთებთ ამას დღეს. მინდა, ხაზი გავუსვა, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ გამოწვევებით სავსე სამყაროში საქართველო ამაყობს ღვინით და ზეიმობს ამ დღეს. ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ მსოფლიომ მიბაძოს ამ პროდუქტის დაფასების მიმართულებით.
მადლობას ვუხდი ბატონ პრეზიდენტს, პრემიერსა და მინისტრს იმისთვის, რომ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს, ვმართავთ ამ მნიშვნელოვან კონფერენციას და ვაყალიბებთ ამ განსაკუთრებულ დღეს“, – განაცხადა ჯონ ბარკერმა.
