აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თესალონიკის მიტროპოლიტ ფილოთეოსს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ მჭიდრო ისტორიულ, კულტურულ და რელიგიურ კავშირებს. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანა ერთიანი მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილია, რაც საფუძველს უქმნის ხალხებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას.
შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მსოფლიო საპატრიარქოსა და საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლს აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერაში, მათ შორის, სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებითი ბანაკების ორგანიზების კუთხით.
მიტროპოლიტმა ფილოთეოსმა მწუხარება გამოთქვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო და ხაზი გაესვა მსოფლიო პატრიარქის განსაკუთრებულ როლსა და თანადგომას ამ მძიმე წუთებში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ორ ეკლესიას შორის არსებულ სულიერ ერთობას.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრმა დავით ფაცაციამ მიტროპოლიტ ფილოთეოსს თბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა დალოცა ქართული დელეგაციის წარმომადგენლები და შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
„რაც ყველაზე მთავარია, პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შევთანხმდით. მიტროპოლიტი ფილოთეოსი დაგვპირდა აქტიურ მხარდაჭერას აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკების ორგანიზების პროცესში.“ – განაცხადა დავით ფაცაციამ.
შეხვედრაში საქართველოს გენერალური კონსული თესალონიკში გელა ჯაფარიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.
