დღეს როგორიც არის კერძო სექტორის პატივისცემა, მათ შორის ჯანდაცვის სისტემაში, ასეთი ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი – დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
„როდესაც ვსაუბრობ იმაზე, რომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საკუთარი შესაძლებლობებიც, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ მე ვიყო პარტნიორულად და აბსოლუტურად პატივისცემით განწყობილი კერძო სექტორის მიმართ. უბრალოდ, პატივისცემა არ გამორიცხავს იმას, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს, რომ ის, რაც საინტერესო არ არის კერძო სექტორისთვის, კომერციულისთვის, სახელმწიფოს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ ამას უზრუნველყოფდეს და არ იყოს სახელმწიფო დარჩენილი ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას რესურსი აღარ გააჩნია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მაგალითად მოქალაქის საჭიროება“, – აღნიშნა მინისტრმა.
