„დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა საფრანგეთში გამართული სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ირანს არასდროს უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
გარდა ამისა, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას მიესალმებიან და მას მხარდაჭერას უცხადებენ.
„ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს პრეზიდენტ ტრამპის მიერ მიღწეული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე შემდგომი, ძლიერი და ყოვლისმომცველი დიპლომატიური შეთანხმების გაფორმებას, რომელსაც შეუძლია რეგიონში ყველასთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ხაზს ვუსვამთ, რომ ამ მიზნის მისაღწევად მოლაპარაკებებმა უნდა მოიცვას ირანისგან მომდინარე საფრთხეები როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ და უზრუნველყოს, რომ ირანი არასოდეს დაეუფლოს ბირთვულ იარაღს.
ვეთანხმებით, რომ ასეთი მოლაპარაკებები სარგებელს მოუტანს შესაბამის რეგიონულ და საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA). კვლავ ვადასტურებთ, რომ ირანი არასოდეს მიიღებს ბირთვულ იარაღს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
„დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები აგრეთვე მხარდაჭერას უცხადებენ ლიბანში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და დაჯგუფება „ჰეზბოლას“ განიარაღებას.
