ნანუკა ჟორჟოლიანი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავასა და მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა განმარტა, მისთვისაც და მიხეილ სააკაშვილისთვისაც იდეალური იქნებოდა მისი ბოკუჩავას თავმჯდომარეობისას “ნაციონალურ მოძრაობაში” ინტეგრაცია, თუმცა, სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა.
“მიშასთვისაც და ჩემთვის იდეალური იქნებოდა თინას თავმჯდომარეობით “ნაციონალურ მოძრაობაში” ჩემი ინტეგრაცია. როგორც უკვე ვთქვი, ჩემზე ჭკვიანია, ჩემზე გამოცდილი, მან იცის ის, რაც მე არ ვიცი და მე შემიძლია, რისი უნარებიც შეიძლება მას არ ჰქონდეს, იდეალური პარტნიორები ვიქნებოდით და სამწუხაროა, რომ ასე არ დალაგდა. მე ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ. იქნებ თავმჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს. თუ პარტია ახლა კრიზისშია, იქნებ კრიზისმენეჯერი სჭირდება”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შიდაპარტიული კრიზისი “ნაციონალურ მოძრაობაში” – მიხეილ სააკაშვილის მოულოდნელი გადაწყვეტილება და ძალაუფლების გადანაწილების პროცესი პარტიის წევრებს შორის ღია დაპირისპირებაში გადაიზარდა. პარტიის ინსტიტუციურ კრიზისზე საუბრობს ლევან ბეჟაშვილი და რადიკალურ გადატვირთვას ითხოვს. ამბობს, რომ თავმჯდომარის არჩევნების გარეშე, პირდაპირ დანიშვნა თავის დროზე შეცდომა იყო. ამ ფორმით კი, პოსტი თინა ბოკუჩავამ დაიკავა.
ამავდროულად, ნანუკა ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ მოქმედ თავმჯდომარესთან პოლიტიკური ალიანსი ვერ შედგა, მისი შეფასებით, ტრადიციული პოლიტიკის დრო ამოიწურა, ორგანიზაციას ახლა ანტიკრიზისული მენეჯერი სჭირდება.
კულუარებიდან საჯარო სივრცეში გადმოტანილი დაპირისპირების პარალელურად, მოქმედმა თავმჯდომარემ საკუთარი ჩანაცვლების გეგმის შესახებ სოციალური ქსელიდან გაიგო. თინა ბოკუჩავა ციხიდან მიღებულ გადაწყვეტილებებს “იმპულსურსა და არათანმიმდევრულს” უწოდებს და ამბობს, რომ პარტია სწორედ ამან მიიყვანა კრიზისამდე.
