ძველი რუსთავის ტერიტორიაზე დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია და ასევე 8 ჰექტარი მიწის განაშენიანება, რომელიც ურბანულად ესაზღვრება საცხოვრებელ შენობებს, – განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა”.
მისივე თქმით, აქამდე განხორციელებული პროექტების მიუხედავად ის მეგაპროექტი, რომელიც ძველი რუსთავის რეაბილიტაციას მოიცავს, უპრეცედენტო მასშტაბისაა.
„2026 წელი გამორჩეულია რუსთავისთვის. მასშტაბი იმ პროექტების, რომლის განხორციელებასაც ახლა ვიწყებთ, აბსოლუტურად სხვაა. პირველი მეგაპროექტი არის ძველი რუსთავის რეაბილიტაცია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ძველ რუსთავში შენობები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში არ გავჩერებულვართ და ვცდილობდით, რომ რეაბილიტაცია, განახლება, გამაგრება მომხდარიყო ამ შენობების, მაგრამ არ იყო ის მასშტაბები, რაც გვინდოდა, რომ ყოფილიყო. წელს კი დაიწყო ეს მეგაპროექტი ძველი ქალაქის განვითარების, ავთენტურობის შენარჩუნების, მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად”, – აღნიშნა ლაცაბიძემ.
მისი ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 100-მდე შენობის რეაბილიტაცია ძველი რუსთავის ტერიტორიაზე და 8 ჰექტარი მიწის გამწვანება, განვითარება და განაშენიანება, რომელიც ურბანულად ესაზღვრება საცხოვრებელ შენობებს.
რუსთავის მერმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 90-იან წლებში თვითნებურმა მიშენებებმა, და გადაკეთებებმა საცხოვრებელი კორპუსები და შენობები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
„რეაბილიტაციის ფარგლებში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მივიდეთ იმ პირვანდელ სახემდე, რაც იყო, თუმცა არის ძალიან ბევრი ისეთი შენობა, რომელიც თვითნებური ჩარევებით ძალიან დამძიმებულია. არაფერს ვამბობ ვიზუალურ სახეზე, ავარიულობის თითქმის ძირითადი წყარო არის თვითნებური ჩარევები და ამ პროექტის ფარგლებში შევეცდებით დაშვებული შეცდომების გამოსწორებას”, – განაცხადა ლაცაბიძემ.
