აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი მას შემდეგ, რაც საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ორ ლიდერს შორის საჯარო დაპირისპირება დაიწყო. ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს.
„ის ჩემი დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ არ მსურს, ჩემი გულშემატკივარი იყოს, რადგან ის იქ არ იყო – ნატოს სხვა ქვეყნებთან ერთად – როდესაც სრუტესთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობდით“, – განაცხადა ტრამპმა.
როგორც გამოცემა იუწყება, სავარაუდოდ, ის გულისხმობდა საკუთარ მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც ევროპელმა მოკავშირეებმა უფრო აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ აშშ-ის ძალისხმევაში, რომელიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას უკავშირდება.
მიმდინარე კვირას ტრამპმა იტალიური მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მელონი სამიტის დროს მასთან ფოტოს გადაღებას „ეხვეწებოდა“.
„ის მთხოვდა, მასთან სურათი გადამეღო. ძალიან უნდოდა ჩემთან ერთად ფოტოს გადაღება. სხვაგვარად არ გადავიღებდი, მაგრამ შემეცოდა“, – განაცხადა ტრამპმა.
მელონიმ პრეზიდენტის ამ განცხადებებს „გამაოგნებელი“ უწოდა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ აღნიშნული ეპიზოდი „სრულად გამოგონილია“.
„არ ვიცი, რატომ ექცევა ასე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარ მოკავშირეებს – და ეს ნამდვილად პირველი შემთხვევა არ არის“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ტრამპი იმავე სიმტკიცეს არ ავლენს დასავლეთისა და აშშ-ის მოწინააღმდეგეების მიმართ.
„მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დასანანია, როდესაც ის არ იჩენს ასეთივე სიმტკიცეს დასავლეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მტრების მიმართ – იმ ლიდერების მიმართ, რომელთა მიმართაც, რეალურად, გაცილებით უფრო დამთმობ პოზიციას იკავებს“, – აღნიშნა მელონიმ.
ორი ლიდერი, რომeლსაც წარსულში საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა, ერთმანეთს ირანის მიმართ ტრამპის ადმინისტრაციის სამხედრო პოლიტიკის გამო დაუპირისპირდა. პრეზიდენტმა მელონი და სხვა მოკავშირეები გააკრიტიკა მისი მოქმედებების საჯარო შეფასების გამო.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანტონიო ტაიანიმ მელონის ვიდეომიმართვამდე ცოტა ხნით ადრე, განაცხადა, რომ აშშ-ში მომავალ კვირას დაგეგმილ ვიზიტს აუქმებს.
„პრეზიდენტ ტრამპის სერიოზული და შეურაცხმყოფელი განცხადებები პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიმართ მთელი იტალიის შეურაცხყოფაა“, – დაწერა ტაიანიმ სოციალურ ქსელში. „სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაუქმო ჩემი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც 21 და 22 ივნისს იყო დაგეგმილი“.
