აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად კლავდა ადამიანებს, ხოლო მას შემდეგ, რაც ის მოვიდა, ყველაფერი შეიცვალა.
თავის პოსტში ტრამპმა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ობამა ირანს მილიარდობით დოლარს უხდიდა, თუმცა არაფერს აკეთებდა, რათა ისლამური რესპუბლიკა შეეკავებინა.
„რადიკალური მემარცხენეები და „შეშლილი დემოკრატები“ აცნობიერებენ, რამდენად წარმატებული იყო ჩვენი ომი ირანის წინააღმდეგ, რომლის სამხედრო ძალაც სრულად განადგურდა.
ბარაკ ობამა უბრალოდ მილიარდობით დოლარს აძლევდა მათ ნაღდი ფულის სახით და არასდროს გამოიყენა ჩვენი მაშინ უკვე დასუსტებული სამხედრო ძალა იმისთვის, რაც საჭირო იყო მსოფლიო ტერორიზმის ნომერ პირველი სპონსორის, ირანის, შესაკავებლად.
მათ მის მიმართ არანაირი პატივისცემა არ გააჩნდათ. ისინი ფიქრობდნენ, რომ ის, ისევე როგორც „მძინარე ჯო“ სუსტი და არაეფექტიანი ლიდერი იყო. ამ შეფასებაში კი, მათი აზრით, 100%-ით მართლები იყვნენ.
ირანი 47 წლის განმავლობაში დაუსჯელად სჩადიოდა მკვლელობებს, ვიდრე მე არ მოვედი. შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა“, – დაწერა ტრამპმა.
