არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლას და პრემიერის მიმართ ოპოზიციის კითხვებს აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მნახველმა კარგად დაინახა, რა განაპირობებს ორი საქართველოს არსებობას.
„ორი საქართველო
დღეს პრემიერ ირაკლი კობახიძის პარლამენტში გამოსვლის პარალელურად, ოპოზიციის მხრიდან ითქვა, რომ „არსებობს 2 საქართველო, ერთი რეალური და მეორე ქართული ოცნების მიერ დასახული არარეალური“-ო.
ეს მეტაფორული შეფასება ქართულ ყოველდღიურობაშიც ჩანს, როდესაც უყურებ ერთის მხრივ, კორუფციასთან, ნარკოდანაშაულთან თუ ქურდულ სამყაროსთან ხელისუფლების მიერ გაჩაღებულ ტოტალურ ბრძოლას, ხოლო მეორე მხრივ, პარტიული ტელევიზიებიდან ხედავ იმის ყოველდღიურ მტკიცებას, რომ ქვეყანა წალეკა კორუფციამ, ნარკოტიკებმა, კრიმინალურმა სამყარომ და რომ ხელისუფლება არათუ არაფერს აკეთებს ამის წინააღმდეგ, არამედ პირიქით, ხელს უწყობს ამ და სხვა კატეგორიის დანაშაულებს.
ოპო-ტელევიზიები ერთის მხრივ, ყოველდღე გვაჩვენებენ რუსთაველზე მიმდინარე რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანის 500 თუ 600-დღიან „უწყვეტ პროტესტს“, ხოლო მეორე მხრივ, იგივე ტელევიზიები გვიმტკიცებენ, რომ თურმე ამ ხალხს ყოველდღე აპატიმრებენ „ტროტუარზე დგომისთვის“.
ჩვენი მოქალაქეები ყოველდღე საკუთარი თვალით უყურებენ თუ კითხულობენ ჩვენი ქვეყნის გარშემო სულ ახლოს დანთებული საომარი ცეცხლის მოქმედებების შედეგად განადგურებულ ადამიანებს, შენობებს და ადარებენ ამას აქ დამკვიდრებულ მშვიდობიან ყოველდღიურობას, მაგრამ მეორე მხრივ, ყოველდღე ესმით ოპო-მედიიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე ქვეყანას ომისკენ მიაქანებს.
თბილისში არსებული თითქმის 24-საათიანი საცობები, გადატვირთული რესტორნები და გასართობი დაწესებულებებიც კი ოპო-მედიისაგან ისე მიეწოდება მოსახლეობას, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათ ახლობლებს აქვთ გასართობად საქმე, ხოლო დანარჩენი საქართველო ნაგავში იქექება, ბავშვების დიდი ნაწილი კი შიმშილობს.
როდესაც პრემიერი პარლამენტში ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებებზე საუბრობს, მას პრეტენზიას უყენებენ, 20 ლარზე მეტად რატომ არ ზრდით პენსიასო? პრემიერი პასუხობს, რა დოზითაც იზრდება ქვეყნის ეკონომიკა, იმ დოზით (დაახლოებით 10%-ით) ვზრდით პენსიასაცო, მაგრამ მათ მაინც ისე უნდათ წარმოაჩინონ, რომ ეს ბოროტი ხელისუფლება სპეციალურად არ ზრდის პენსიას 200 ლარით. ამის შემდეგ უკვე გიკვირს, ასეთი გაგების (თუ გაუგებრობის) ხალხი რატომ ითხოვს პენსიების გაზრდას მხოლოდ 200, და არა 2 ათასი ლარით?
პარლამენტში გამოსვლისას პრემიერს უსაყვედურეს, თემურ-ლენგის საფლავზე რომ იყავი, რატომ საოკუპაციო ხაზთან არ დადიხარო.
იქვე უპასუხა ირაკლი კობახიძემ, რომ ვიდეოკამერების გარეშე არაერთხელ ყოფილა საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა: სრული უვიცობაა, სახელმწიფოს წარმომადგენელს უსაყვედურო იმის გამო, რომ უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით ჩასულმა რატომ უარი არ თქვი მასპინძელი ქვეყნისთვის პატივსაცემი ისტორიული ფიგურის საფლავის მონახულებაზეო.
ამან გაგვახსენა ცნობილ მსახიობთან დოდო აბაშიძესთან დაკავშირებული ერთი გახმაურებული ფაქტი, ირანში მყოფმა დოდო აბაშიძემ, რაღაცნაირად მოახერხა და შაჰ-აბასის საფლავს ზედ დააშარდა.
ასე რომ, პრემიერზე ასე გაბრაზებულ ოპოზიციონერებს შეუძლიათ არაოფიციალურად და ინდივიდუალური მოგზაურობის დროს, მოინახულონ საძულველი ისტორიული პირების საფლავები და მიბაძონ დოდო აბაშიძეს, თუ ეს მათ პატრიოტულ პატივმოყვარეობას დაუკმაყოფილებს.
რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან ვიზიტების მოთხოვნას, ესეც გულზე მჯიღის ცემას ჰგავს, თორემ რა შედეგი მოაქვს წლების მანძილზე დამკვიდრებულ ამ რიტუალს? ასეთ ქცევას მხოლოდ რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს:
1.შორიდან მუშტების ქნევა,
2.თითის გაშვერა რუსი ჯაროსკაცებისკენ და უცხოელებისთვის იმის ჩვენება, ნახეთ, რა ცუდები არიან ოკუპანტებიო და
3.შარვლის ჩახდით და უკანალის მიშვერით ოკუპანტი ჯარისკაცებისთვის შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა.
შედეგი?…
პრემიერმა პარლამენტში წარმოდგენილ ოპოზიციას, რამდენჯერმე მიუთითა, რომ პოლიტიკოსისთვის მთავარი შედეგი უნდა იყოს, თორემ ტვინგაცხელებულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი პიარის მიზნით იმდენი უბედურება დამართეს ქვეყანას, რომ ოდნავ გონიერ პოლიტიკოსს კი უნდა გამოეტანა შესაბამისი დასკვნები.
90-იანი წლებიდან დაწყებული სწორედ ვაი-პატრიოტების ასეთი ქმედებების შედეგად ტერიტორიების დაკარგვაც ვნახეთ, ათასობით ადამიანის ჩახოცვა და ლტოლვილად ქცევაც, ცხინვალში დაჩოქილი ასეულობით ქართველი პოლიციელიც და ჩორჩანაში გახარიას მიერ გახსნილი საგუშაგოც, რომლის შედეგად კილომეტრობით გადმოიწია საოკუპაციო ხაზმა.
კიდევ ბევრი საინტერესო რამ მოვისმინეთ პრემიერის პარლამენტში გამოსვლისას, მაგრამ ერთ პოსტში ყველაფერს ვერ შევეხებით.
საერთო შთაბეჭდილებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, ამ ყველაფრის მნახველმა და მაყურებელმა კარგად დაინახა განსხვავება იმ პოლიტკოსებს შორის, რომელთა მოქმედებაც განაპირობებს 2 საქართველოს არსებობას:
პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ფიქრობს ქვეყანაზე, უფრთხილდება ქვეყანას, ითავისებს პასუხისმგებლობას, მოქმედებს გონებით, იცავს ქვეყნის სუვერენიტეტს ასევე მშვიდობას და აღწევს კონკრეტულ შედეგებს.
პოლიტიკოსთა მეორე ნაწილისთვის კი მთავარი საკუთარი პიარი, ხალხის ემოციებზე თამაში, პრობლებისადმი ზედაპირული დამოკიდებულება, გულში მჯიღის ცემა, საკუთარი პატრიოტიზმის უნიჭო დემონსტრირება და რაც მთავარია, ფაქტების იგნორირებაა.
დღემდე ოპიზიციისგან, ერთხელაც არ მოგვისმენია საზოგადოებისთვის იმის ალტერნატიული შეთავაზება, რასაც უწუნებენ ხელისუფლებას.
მაგალითად, ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში რა პოლიტიკა ექნებოდათ რუსეთთან მიმართებით,
როგორ დაეხმარებოდნენ უფრო მეტად უკრაინას ისე, რომ საქართველოსთვის არ შეექმნათ საფრთხე,
რას შეცვლიდნენ ეკონომიკაში, საიდან მოიტანდნენ პენსიების გაზრდისთვის საჭირო თანხებს,
როგორ გააძლიერებდნენ (ან შეასუსტებდნენ) კრიმინალთან ბრძოლას,
როგორ მიაღწევდნენ იმას, რომ ქვეყანაში მთლიანად ამოეძირკვათ სიღარიბე და აღარ ყოფილიყო არც ერთი მოშიმშილე ბავშვი,
რა ნაბიჯების გადადგმა მიაჩნიათ ეფექტურად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით და ა. შ.
ამ ყველაფრის ნაცვლად თითქმის ყველა ოპო-პარტია მიზნად ისახავს ხელისუფლების უკიდურეს დემონიზაციას და მოქალაქეების რაც შეიძლება მეტ ნაწილში იმ იმედისა და მოლოდინების გაჩენას, რომ მხოლოდ ხელისუფლების დამხობისა და მათი გახელისუფლების შემთხვევაში გაბრწყინდება საქართველო და დაისადგურებს საყოველთაო კეთილდღეობა.
თვითონვე გადასარევად იციან, რომ ცივილიზებული (არჩევნების) გზით ამას ვერ მოახერხებენ (რადგან არა აქვთ და ვერც ექნებათ ამისათვის საკმარისი მხარდაჭერა).
მათი ერთადერთი მიზანია უკმაყოფილო ხალხის დიდი მასის (100, 200 ათასი ან მეტის) მობილიზებისთვის პირობების შექმნა, შემდეგ ამ მასის საშუალებით მასობრივი დესტაბილიზაციის მოწყობა და რევოლუციის გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდება (ანუ ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა), რის შემდეგაც საკუთარ გამარჯვებაზე მორგებული პირობებით ჩაატარონ „ლეგიტიმური“ არჩევნები, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში „გაუპრავებს“ მათი ლობისტი და დამფინანსებელი დასავლეთი.
მოკლედ, ისინი იყურებიან 23 წლით უკან, რადგან ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს.
ოპიზიციისგან განსხვავებით ქართველმა ხალხმა კი ბევრი რამ ისწავლა. სწორედ ამიტომ არა აქვთ წარსულის ამ პარტიებს პოლიტიკური მომავალი. სწორედ ამიტომ, როდესაც ვლაპარაკობთ 2 საქართველოზე, შეიძლება ფიგურალურად ვიგულისხმოთ არა დღევანდელი და ხვალინდელი, არამედ დღევანდელი და გუშინდელი საქართველო, რომელთა შორის ეს უკანასკნელი ამაოდ ცდილობს თავი ხვალინდელ საქართველოდ მოგვაჩვენოს“, – წერს ნანა კაკაბაძე.
