ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ლესლი ლამს და ADB-ის საერთაშორისო გუნდს შეხვდა.
მხარეებმა ერთობლივ პროექტებსა და მიმდინარე თანამშრომლობაზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო არსებულ თანამშრომლობას ჯანდაცვის სექტორის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა საქართველოში ADB-ის მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში დაიწყო პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, მომზადდა საქართველოში პირველადი ჯანმრთელობის დაცვის სისტემისთვის ადამიანური რესურსების განვითარების 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა, პირველადი ჯანდაცვის დონეზე ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების იმპლემენტაციისთვის სამართლებრივი დოკუმენტები, თბურ ტალღებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკების მართვის 2024-2030 წლების სამოქმედო გეგმა, ჯანდაცვის სექტორში კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ შედეგებთან ადაპტაციის 2025-2027 წლების სამოქმედო გეგმა და სხვ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკი სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და უწყება მზად არის, კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის.
ADB-ის წარმომადგენლებმა, სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასეს და სამომავლოდ კიდევ უფრო აქტიური მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე და ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე.
