“ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. პარტიის წევრები მიხეილ სააკაშვილის მიერ თავმჯდომარეობიდან გადაყენებულ თინათინ ბოკუჩავას მუშაობის სტილს უწუნებენ. თავის მხრივ, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მსჯავრდადებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტი მას თავისუფლად ლავირების საშუალებას არ აძლევდა, რის გამოც არაეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებდა.
ამასობაში, უკვე დადასტურებულია, რომ თავმჯდომარეობის პოსტზე სააკაშვილი ფსონს ნანუკა ჟორჟოლიანზე დებს. ანა წითლიძე კი არ გამორიცხავს, რომ პოლიტსაბჭოზე, შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურაც დააყენოს.
დაყოფილ და დაპირისპირებულ “ნაციონალებში” ვერც იმაზე თანხმდებიან, დატოვებენ თუ არა უკვე დაშლილ ოპოზიციურ ალიანსს, რომლის წევრებიც სააკაშვილის თანაპარტიელებს გაერთიანებიდან გარიცხულად მოიაზრებენ.
ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებს საპარლამენტო უმრავლესობაში ეხმაურებიან.
“ნაციონალური მოძრაობა” ეს არის უცხო ქვეყნების აგენტურული ქსელი საქართველოში. პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა, რომ, რომ არა ეს მავნებლური და აგენტურული საქმიანობა, ალბათ, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი წინსვლა ექნებოდა ქვეყანას. ამიტომ, მათ რიგებში არსებული ნგრევის პროცესი, ვფიქრობ, მისასალმებელია და, მეორე მხრივ, სრულებით უინტერესო, რადგან არ შეიძლება, რომ მუდმივად ამ აგენტურული ქსელის პოლიტიკური ცხოვრებით ვაცხოვროთ ჩვენი საზოგადოება. ეს არის დაჯგუფება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიშალოს, ჩამოინგრეს და ამ პროცესს ვადევნებთ თვალს,” – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.
