ვენესუელის ჩრდილოეთ ნაწილში მომხდარი მძლავრი მიწისძვრების შემდეგ, მაშველებმა ნანგრევებიდან 18 დღის ჩვილი ცოცხალი ამოიყვანეს. გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გადასცემენ მაშველები ჩამონგრეული შენობის ნანგრევებიდან გამოყვანილ ახალშობილს მამას.
ბავშვის გადარჩენიდან დაახლოებით საათ-ნახევრის შემდეგ, სამძებრო ჯგუფებმა იმავე ადგილას ნანგრევებში მოყოლილი დედის პოვნაც შეძლეს. ისიც ცოცხალია. ადგილობრივი მედიისა და თვითმხილველთა შეფასებით, დედა-შვილის გადარჩენა მიმდინარე ტრაგედიის ფონზე “ნამდვილ სასწაულად” იქცა.
ვენესუელაში ვითარება კვლავ კრიტიკულია. 24 ივნისს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილში ორი მძლავრი მიწისძვრა მოხდა: პირველი 7.2 მაგნიტუდის ბიძგი თბილისის დროით საღამოს საათებში დაფიქსირდა, ხოლო სულ რაღაც 39 წამში მას მოჰყვა კიდევ უფრო ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა. ეპიცენტრი იარაკუის შტატის ქალაქ სან ფელიპეში მდებარეობდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ ბიძგები კოლუმბიასა და ბრაზილიაშიც იგრძნობოდა.
დაღუპულთა რაოდენობამ 920 ადამიანს გადააჭარბა.
გაეროს ჰუმანიტუარული უწყებისა (OCHA) და ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაკარგულად ითვლება 50 000-ზე მეტი ადამიანი, რის გამოც მსხვერპლის რიცხვის მკვეთრი ზრდაა მოსალოდნელი. ამერიკის გეოლოგიური სამსახური (USGS) შიშობს, რომ საბოლოო ციფრი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.
