„დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან“, – განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ოპონენტების პასუხად.
გორდულაძის თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ 78-ე მუხლით შესაძლოა გადაიფაროს დანარჩენი 77.
„რა ვნახეთ დღეს, ამ ცხარე დებატების შედეგად. რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვიყავით შეკრებილები და რისთვისაც მოვედით, ჩვენ უნდა გვესაუბრა ევრორეზოლუციებზე, ოპონენტებს არგუმენტები რომ არ ჰქონდათ და არ აქვთ, საუბარი დაიწყეს აბსოლუტურად ყველაფერზე და არაფერზე. მაგალითად, ჩვენმა ერთ-ერთმა ოპონენტმა ისიც კი გამოიტანა აზრი, რაც საერთოდ არ გვითქვამს. ასეც ხდება ხოლმე. ჩვენი პოზიცია რა არის ზოგადად, „ქართული ოცნების“, რომ დიახ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია 78-ე მუხლი. უბრალოდ, ჩვენ კონსტიტუციას უკუღმა კი არ ვკითხულობთ, 78-ე მუხლიდან კი არ ვიწყებთ კონსტიტუციის კითხვას, არამედ პირველი მუხლიდან.
არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ 78-ე მუხლით შესაძლოა გადაიფაროს დანარჩენი 77. ასეთი ადამიანები არსებობენ. სამწუხაროდ, პარლამენტის წევრებიც კი არიან ასეთი ადამიანები, მაგრამ რა ვქნათ. ეს არის ის მოცემულობა, სამწუხარო მოცემულობა, რომელიც არის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ კომპეტენტური და ამ ქვეყანაზე შეყვარებული ხალხი იყოს პარლამენტის წევრი. ზოგადად, პოლიტიკაში ჩართული“, – აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.
