იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წევრებს შეხვდა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილე სადამკვირვებლო მისიას იმ საკითხებზე ესაუბრა, თუ რა ნაბიჯებს დგამს საქართველოს ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო, რათა 2016 წლის საარჩევნო და წინასაარჩევნო გარემო დემოკრატიული და სამართლიანი იყოს და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მშვიდ გარემოში დაუბრკოლებლად შეძლოს არჩევანის გაკეთება.
ალექსანდრე ტაბატაძემ ისაუბრა უწყებათაშორის კომისიაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელიც წინასაარჩევნოდ იქმნება და რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების და ასევე შუალედური არჩევნების პერიოდში უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ანგარიშები და კომისიის რეკომენდაციები გადასცა. „NDI“-ს ექსპერტები დაინტერესდნენ, თუ როგორია კომისიის მუშაობის პრინციპი, შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის მიღებისა და მათზე რეაგირების მექანიზმები.
ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ უწყებათაშორისი კომისია სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის კარგი მაგალითია. წევრების გარდა,კომისიის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და, ასევე, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
მინისტრის მოადგილემ სტუმრებს 2013 წლის საპრეზიდენტო, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების და, ასევე, შუალედური არჩევნების პერიოდში უწყებათაშორისი კომისიის მუშაობის ანგარიშები და კომისიის რეკომენდაციები გადასცა.
„კომისიის მუშაობის პრინციპი საშუალებას იძლევა, საარჩევნო სუბიექტებმა სახელმწიფო უწყებების წინაშე დააყენონ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა საკითხი და სწრაფად და ეფექტურად გადაჭრან პრობლემები. დარღვევების პრევენციის მიზნით კი, კომისია შეიმუშავებს და გამოსცემს რეკომენდაციებს. კომისია რეაგირებს შესაძლო დარღვევების შესახებ არა მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, არამედ თავადაც მოიპოვებს ამ ინფორმაციას მედიის საშუალებით. გარდა ამისა, კომისიის „ცხელი ხაზი“ 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს, სადაც პარტიებს დღე-ღამის ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ, მიაწოდონ ინფორმაცია კომისიის სამდივნოს შესაძლო დარღვევების შესახებ, რასაც დაუყოვნებელი რეაქცია მოჰყვება ხოლმე“, − განაცხადა ალექსანდრე ტაბატაძემ.
მისივე თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მუშაობა დადებითადაა შეფასებული როგორც საერთაშორისო მისიების, ისე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში.
საარჩევნო სიების სრულყოფის პროექტის შესახებ სადამკვირვებლო მისიის ექსპერტებს ინფორმაცია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ მიაწოდა. მისი თქმით, პრინციპის − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“ − უზრუნველსაყოფად 2013 წლიდან დღემდე უფასოდ გაიცა 800.000-ზე მეტი ახალი პირადობის მოწმობა; ჯამში კი უსაფრთხო დოკუმენტს საქართველოს 2 მილიონზე მეტი მოქალაქე ფლობს, რაც საარჩევნო სიებში უზუსტობებისა და ხმის მიცემის პროცედურისას ხარვეზების ალბათობას მინიმუმამდე ამცირებს. აღინიშნა ისიც, რომ 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პირველად გადასცა ფოტოსურათიანი სიები.
ალექსანდრე ტაბატაძემ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს გაუსვა ხაზი, რომელთა თანახმადაც, ძალადობა და ძალადობის მუქარა საარჩევნო უბანზე წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ღონისძიების დროს ან ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ხდება. ალექსანდრე ტაბატაძემ აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებით სახელმწიფო კიდევ ერთხელ ადასტურებს საკუთარ ნებას − ყველა საჭირო ზომა მიიღოს, რათა მოქალაქეებმა შეძლონ თავიანთი საარჩევნო უფლების მშვიდ და ცივილურ გარემოში რეალიზაცია. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში ყოველგვარი ძალადობის პრევენციაა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წევრები: სემ კოპერსმითი, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი წევრი და დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე არიზონას შტატში; პერ ეკლუნდი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ყოფილი ელჩი; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; იანუშ ონიშკევიჩი, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი და პოლონეთის სეიმის ყოფილი წევრი; ლორა ჯუიტი, „NDI“-ს ევრაზიის რეგიონული პროგრამების დირექტორი და ლორა თორნტონი, „NDI“-ს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში.
„NDI“-ს დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საარჩევნო კანდიდატებთან, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან; საარჩევნო ადმინისტრაციის, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, შედეგებს კი 17 ივნისს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს. დელეგაციის მიზანი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს შეფასებაა.