ჭიათურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ზოდში მდებარე გამყრელიძეების სახლს 2018 წლის 16 თებერვალს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
სახლი ორსართულიანია, გვიანი გადაკეთებებით. ეზოს მხრიდან ერთი სართულია, რომლის ფასადი შუშაბანდია, ხის ჩუქურთმებით გაფორმებული. მთავარი შესასვლელი ეზოს მხრიდანაა.
სახლი არ წარმოადგენს არქიტექტურული თვალსაზრისით ღირებულ ნაგებობას, მას კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით მხოლოდ მემორიალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მასთან დაკავშირებულია რამდენიმე გამოჩენილი ადამიანის სახელი: სახლი ააშენა აზნაურმა კაცია მალხაზის ძე გამყრელიძემ (1864-1945). სახლი სავარაუდოდ აშენებულია მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. კაცია გამყრელიძის ვაჟი მიხეილ გამყრელიძე (1885 – 1961) იყო ჭიათურის მანგანუმის შავი ქვის მრწეველთა სააქციონერო საზოგადოების ნამდვილი წევრი. ამავე სახლში დაიბადა გრიგოლ (გიორგი) გამყრელიძე (1903-1974), რომელიც წერდა გრიგოლ ზოდელის ფსევდონიმით. იყო ცისფერყანწელთა თანამოაზრე. 1922 წლიდან ემიგრაციაშია, სადაც 1974 წელს გარდაიცვალა კიდეც. იყო არაერთი ლიტერატურული თარგმანის ავტორი. მიხეილ გამყრელიძეს და მის მეუღლეს, მარიამ ღოღობერიძეს გარდა გრიგოლისა ყავდათ სამი ქალიშვილი: თინა, რომლის მეუღლეც იყო ცნობილი მწერალი და ბელეტრისტი აკაკი ბელიაშვილი, რომელიც ასევე ხშირად სტუმრობდა ზოდის სახლს; მარიამი (მერი) და ქეთევანი, რომლის ქალიშვილიც, დალი ლოლუა იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. შესაბამისად, ზოდის სახლს ხშირად სტუმრობდნენ კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები, ასევე ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა.