ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმემ ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობა შეიწირა. პროკურორის შერჩევის პროცესი კი პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ოპოზიციის ნაწილი აქციებით მთავრობას უტევს, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი კი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამ მოთხოვნით არაერთი აქცია ჩატარდა მთელი კვირის განმავლობაში. შეარყევს თუ არა „ოცნების“ მთავრობის უცვლელი მინისტრის ყველაზე მყარ სკამს მესამე სექტორის ულტიმატუმად ქცეული პოლიტიკური მოთხოვნები? თემაზე „იმედის კვირის” შეკითხვებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა სტიციის უპასუხა.

თეა წულუკიანი
ფოტო: იუსტიციის სამინისტრო
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში ძალიან მოკლე დროში წაიყვანა წინ. გამოძიებას ორი ახალი ბრალდებული ჰყავს. ჩვენ მოვისმინეთ სახალხო დამცველის განცხადებაც, რომელმაც თქვა, რომ შეისწავლა საქმის მასალები და გამოძიება არასათანადოდ იყო ჩატარებული. ამ საქმემ შეიწირა მთავარი პროკურორის თანამდებობაც და თქვენ მაშინ მის ამ გადაწყვეტილებას უწოდეთ სამართლის უზენაესობის გზაზე სიარულისთვის ცალსახა ნეგატივი. დღეს რას ფიქრობთ, რას იტყვის იუსტიციის მინისტრი მის ამ გადაწყვეტილებაზე და ასევე პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეზე?
პირველ რიგში, მე მინდა ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მისმა გამომძიებლებმა არა მხოლოდ ბოლო დღეებში, არამედ ამ უბედური შემთხვევისა და ტრაგედიის პირველი დღიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი და მოცულობითი სამუშაო გასწიეს. დღესაც იმას ვფიქრობ, რასაც ვფიქრობდი ირაკლი შოთაძის გადადგომის დღეს, რომ სამართალდამცველმა ორგანოებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებმა და საქართველოს პროკურატურის პროკურორებმა ყველაფერი გააკეთეს მათ ხელთ არსებული მასალების მიხედვით, რომ მაქსიმალურად მყარი მტკიცებულებები მიეწოდებინათ სასამართლოსთვის. მოსამართლემ მიიღო ის გადაწყვეტილება რაც მიიღო. დღეს ჩვენს ქვეყანაში მოსამართლე არის დამოუკიდებელი პროკურატურისგან, დამოუკიდებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლისგან, დამოუკიდებელი მთავრობისგან, მაგრამ ფაქტია, რომ წინ არის ასევე სააპელაციო და საკასაციო ინსტანციები და თუ პირველი ინსტანციის მოსამართლე მხარეებმა ჩათვალეს, რომ შეცდა, ეს შეცდომები მომდევნო ინსტანციებში უნდა გასწორდეს. რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, როგორ ც მთავარ პროკურორს ჩვენი ქვეყნისა, მე ალბათ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი იუსტიციის მინისტრობის ბოლო 5 წლის მანძილზე ეს იყო ქვეყნის ერთადერთი მთავარი პროკურორი, რომელსაც ჰქონდა ჩემი პირადი ნდობა. იყო რეფორმები, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ხელმძღვანელობდა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პარტნიორი რეფორმის გზაზე ყოველთვის იყო ირაკლი შოთაძე. ხანდახან იყო შემთხვევები, როდესაც მაგალითად, პრემიერი არ პარტნიორობდა ჩემთან რეფორმების ნაწილში და ირაკლი შოთაძე იყო სწორედ კანონის უზენაესობის გზაზე სიარულში ჩვენი მთავარი პარტნიორი, პარტნიორი იუსტიციის სამინისტროსი.
კონკრეტული მაგალითები თუ შეგიძლიათ დაასახელოთ?
კონკრეტული ყველაზე კარგი მაგალითია, როდესაც პრემიერმინისტრი იყო წინააღმდეგი ნარკოპოლიტიკის გაჰუმანურებისა, ეს გახლდათ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობისას. ირაკლი შოთაძეს რომ არ დაეჭირა ჩემთვის მხარი, რომ სისხლის სამართლის კოდექსში გამიჯნულიყო მოხმარებისა და გასაღების მუხლი, ეს რეფორმა ვერ ჩატარდებოდა. ეს რეფორმა თუ ვერ ჩატარდებოდა, მაშინ ჩვენ ვერ მივიღებდით უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან.
ხომ არ არის უკვე ცნობილი სად გააგრძელებს მუშაობას? დაკარგავს თუ არა მსგავს კადრს იუსტიციის სამინისტრო?
ჩემთვის არ არის ცნობილი.
მას შემდეგ, რაც ირაკლი შოთაძემ დატოვა თანამდებობა, დღის წესრიგშია ახალი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის საკითხი და მესამე სექტორმა ულტიმატუმი წამოაყენა, მოითხოვენ თქვენ გადადგომას და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებენ შერჩევაში მონაწილეობას. როგორია თქვენი პასუხი ამ მოთხოვნაზე?
ეს ულტიმატუმი, რა თქმა უნდა, დასანანია. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, მათი უფლებაა ეს. ეს კარი ღიაა. თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, ესეც, რა თქმა უნდა, მათი უფლებაა.
თქვენ რას ფიქრობთ, რატომ დაგიპირისპირდათ მესამე სექტორი?
მათ ჩამოთვალეს მიზეზები, ალბათ, ეს მიზეზები იცით.
კი ბატონო, შეგვიძლია მიზეზებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში ისინი, როგორც რეფორმების შემაფერხებელ მინისტრს, ისე მოგიხსენიებენ და აქვთ რიგი შენიშვნები. მაგალითად, ის, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არსებული გამოწვევები არ არის დღემდე დაძლეული; სასამართლოს რეფორმა ჩავარდა; ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის შეცვლა არ განხორციელდა, წლების განმავლობაში კანონპროექტი დევს იუსტიციის სამინისტროში; ასევე ამბობენ, რომ თქვენ არ ასრულებთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და სამსახურში არ აღადგინეთ ის ადამიანები, ვისი აღდგენაც სასამართლომ დაგავალათ; ასევე გახმაურებულ საქმეებზე გამოძიებები ბოლომდე არ არის მისული.
რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს რეფორმებს. იუსტიციის სამინისტროსა და 2012 წლიდან დღემდე საქართველოს იუსტიციის მინისტრად მომუშავე პირის დამსახურებაა ის, რომ არასამთავრობო სექტორს აქვს ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რომელიც მანამდე დაკომპლექტებული იყო პოლიტიკოსებით; ჩვენი დამსახურებაა ის, რომ დღეს სასამართლო დარბაზებში არის თქვენი კამერები, მედიის კამერები. მანამდე არავინ იცოდა რა ხდებოდა დახურულ კარს მიღმა; ჩვენი დამსახურებაა ისიც, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი შემოვიდა, რომ გაუქმდა სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი და ამ რეფორმების დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩემ კოლეგა სამინისტროს, სასჯელაღსრულების სამინისტროს, ციხეში არ ჰყავს პატარა ბავშვები ჩაყრილი მრავალი წლით; ასევე ჩვენი რეფორმების წყალობითაა ის, რომ დღეს დაზარალებულებს, მე კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას, მათ შორის ბატონ სარალიძეს და სხვებს საშუალება აქვთ, რომ მივიდნენ და გამომძიებელთან ერთად ჩაიხედონ სისხლის სამართლის საქმის მასალებში. ეს მანამდე ასე არ იყო; ჩვენი ავტორობით იყო ანტიდისკრიმინაციული კანონი და ჩვენ ასევე შევქმენით პლატფორმა იმისთვის, რომ მრავალმხრივი რეფორმების წყალობით ჩვენს ქვეყანას ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებისთვის, რადგან მთავარი კომპონენტი და წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ შეგვებიჯებინა ევროპულ ოჯახში, იყო სწორედ ეს სამართლებრივი რეფორმები. ბევრი ყიჟინი ისმის სასამართლოს რეფორმების ჩავარდნის თემაზე. ბევრჯერ ვთქვი, მე მგონია, რომ ეს ცნებების აღრევის ბრალია. იმიტომ რომ, მაგალითად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც იმ დღეს ჩემ გადადგომას ითხოვდა და ამბობდა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა ჩავარდაო, მათ იუსტიციის სამინისტროსთვის ამ მართლმსაჯულების პირობებში აქვთ დავები მოგებული. მაგალითად, „გამჭირვალობას“.
სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით მათი პოზიცია უფრო კონკრეტულად არის ისეთი, რომ ამ რეფორმის ფონზე ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლო და შესაბამისად, ვერ ჩაითვლება სასამართლოს რეფორმა წარმატებულად, როცა კლანური მოსამართლეები მართავენ ისევ სასამართლოს.
მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლოს პირობებში ეკა გიგაური იუსტიციის სამინისტროს უგებს სასამართლო დავებს. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ბატონი მურუსიძე არ მომწონს. არც ის მომწონს, რომ ჩვენ რეალურად ვერ შევძელით უფრო სწრაფად წარგვემართა საკადრო ცვლილებები მართლმსაჯულების სისტემაში და იცით რატომ ვერ შევძელით? მე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ჩემი მინისტრობის პირველი 3-4 წელი მუდმივ წინააღმდეგობას ვხვდებოდი ამ არასამთავრობო სექტორისაგან და ზოგიერთი უცხოელი მრჩევლისგან, როდესაც ვამბობდი, რომ უვადო დანიშვნები არ არის კარგი და პრობაციის პერიოდი უნდა შენარჩუნდეს. იმ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ითხოვდა იუსტიციის მინისტრის გადადგომას, ის კი არ აინტერესებს, რამდენად წინ წავიდა ქვეყანა სამართლებრივ სფეროში, ისინი მონაწილეობენ რაღაც პოლიტიკურ პროცესში, რაც მე ვხვდები რა პოლიტიკური პროცესია ეს. უკეთესია, რაც მალე გადადებს ეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია გვერდზე თავის პოლიტიკურ გეგმებს და ჩაერთვებიან, დაუბრუნდებიან, თუ სწორი გამოთქმაა ეს, რომ დაუბრუნდებიან არასამთავრობო სექტორს, ან მაშინ უნდა ჩამოყალიბდნენ პოლიტიკურ პარტიებად და შევეჯიბროთ ერთმანეთს არჩევნებში და ვნახოთ ვინ უფრო მეტ ხმას მიიღებს, ჩვენ თუ პარტია – ეკა გიგაური. ამაშია აქ საქმე.
ახსენეთ ხელისუფლებისთვის ბრძოლა და პოლიტიკური პროცესები. თქვენ გადადგომას პრესკონფერენციაზე ათამდე არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, რომლებიც საკმაოდ სოლიდური და ცნობილი ორგანიზაციები არიან და ყოველთვის მონაწილეობენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფიქრობთ, რომ ამ პოლიტიკურ პროცესში ისინი ხელისუფლებისთვის იბრძვიან?
რბილად ვამბობ, დანანებით მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ამ არასამთავრობო ორგანიზაციას და არც ერთ პოლიტიკოსს ბოლომდე არ უნდა გაიგოს და ჩახედოს ხორავას ტრაგედიას. მათ დაწყებული აქვთ მონაწილეობა ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ძალაუფლებისთვის ბრძოლა და რეალურად, პრეზიდენტის გამოსვლით ჩემთვის უკვე ნათელია, რომ საპრეზიდენტო სკამისთვის ომი მათ გახსნეს. ზოგიერთი პოლიტიკური ძალა იყენებს ამ დიდ უბედურებას, რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე, ბავშვთა შორის მკვლელობას, საკუთარი მიზნებისთვის. ეს არის პოლიტიკური ტრაგედიაც ჩვენი ქვეყნის, რადგან თავიდან შეეცადნენ ეს საქმე შეედარებინათ გირგვლიანისთვის, არ გამოვიდა, იმიტომ რომ, გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, მთავრობის მაღალჩინოსნებმა, ხოლო ხორავას ქუჩის ტრაგედიაში მონაწილეობდნენ მხოლოდ ბავშვები. ახლა პოლიტიკოსებს ისღა დარჩენიათ, ვინც გადაწყვიტა, რომ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ სცენარში მიიღოს მონაწილეობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა დაიწყოს „ქართული ოცნების“ დემონტაჟი, როგორც მან თქვა, რომ ეს საქმე გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისათვის. აი, ეს ბრძოლა მიმდინარეობს დღეს.
მართლაც არის რამდენიმე რეფორმა, რომელიც მე არ გამიტარებია და რომელსაც რატომ არ გაატარეო, ისინი მსაყვედურობენ. პირველი, რომელიც ამ გაუტარებელ რეფორმებს შორის შემიძლია დავასახელო, არის ის, რომ ისინი მსაყვედურობენ მე, იუსტიციის მინისტრს იმას, რომ ჩვენ საბუთებში არ ვაფიქსირებთ სქესს ისე, როგორც ისინი მოითხოვენ. ეს არის ძალიან დიდი რეფორმა, თუ გატარდება, მაგრამ ვაღიარებ, რომ მე ეს რეფორმა არ გამიტარებია. ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, არაერთხელ მაქვს-ხოლმე საპროტესტო აქციები, მე მთხოვენ, რომ ის ადამიანი, რომელსაც აქვს მამაკაცის ორგანოები, გავატარო ქალად სამოქალაქო რეესტრში და ის ადამიანი, რომელსაც აქვს ქალის ბიოლოგიური ორგანოები, გავატარო მამაკაცად. ვაღიარებ, რომ ეს რეფორმა მე არ გამიტარებია.
პირადად თქვენ მომხრე ხართ თუ არა ამ რეფორმის?
არის არა ერთი სამართლებრივი, სამედიცინო და სხვა ფსიქო-სოციალური საკითხები, რაც უნდა იქნეს განხილული მანამ, სანამ ეს რეფორმა გატარდება, თუ უნდა გატარდეს. მეორე არის ინფორმაციის თავისუფლების აქტი. ჩვენ იუსტიციის სამინისტროში გვაქვს შექმნილი ინფორმაციის თავისუფლების აქტის პროექტი, რომელიც ამჟამად იხილება სახელისუფლებო უწყებებში.
ერთადერთი დამრჩა კითხვაზე პასუხი – გადავდგები თუ არა. თუკი მმართველი პარტია მეტყვის, რომელიც სალაპარაკო ენაზე რომ ვთქვა, არის მთავრობის უფროსი, რომ მე უნდა წავიდე ჩემი თანამდებობიდან, რა თქმა უნდა, მე არც ხვეწნა დამჭირდება და არც ბევრი ყიჟინი, მაგრამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანაში გატარდეს მხოლოდ ის რეფორმები, რომლებიც მათ სურთ და ისე როგორც მათ სურთ, რა თქმა უნდა, მათ არც ლეგიტიმაცია აქვთ, რომ ჩემი გადადგომა მოითხოვონ, თუკი მათი გეგმა არის სხვა, რომ პოლიტიკურ პროცესში მიიღონ მონაწილეობა, რადგან საპრეზიდენტო სკამისთვის ბრძოლა დაიწყო და ამაში პრეზიდენტიც ჩაერთო, რომლის მთავარი ფუნქციაც სანამ კანდიდატად არ განუცხადებია თავისი თავი, არის ერთადერთი და უზენაესი – ხელი შეუწყოს სახელმწიფოს სტრუქტურების, მათ შორის ჩემის ნორმალურ ფუნქციონირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე გვაქვს უკვე პოლიტიკურ პროცესთან და მე არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ბრძოლაში მმართველი პარტია ან ჯაბანის პოზიციით გამოვა, ან – დამარცხებულის, პირიქით. შესაბამისად, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ სტაბილურობა გაგრძელდეს იმისთვის, რომ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები შედგეს ოქტომბერში და შემდეგ უკვე როცა მოუწევს კონსტიტუციით – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი.