ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის დირექტორი გიორგი ქვრივიშვილი ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის დახურვას აპროტესტებს და სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს მოუწოდებს, დაიწყონ გამოძიება, რათა გაირკვეს რეგიონში არსებული თურქული პანსიონების წარმომავლობა და გაატარონ შესაბამისი პროცედურები.
გიორგი ქვრივიშვილმა აჭარის რეგიონში არსებულ 50-მდე თურქული ბავშვთა სახლის ფუნქციონირებისა და ქობულეთში, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის პანსიონის დახურვის მიზეზებზე „კვირის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქობულეთში, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ გახსნილი პანსიონის დახურვის მიზეზი გახდა ის, რომ ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს ყველა იმ არალიცენზირებულ დაწესებულებას, სადაც ფუნქციონირებს ბავშვების სააღმზრდელო საქმიანობა.
„ჩვენ თავიდანვე მოვუწოდებდით ჯანდაცვის სამინისტროს, რომ დაეწყო სწრაფი რეაგირება იმ 50-მდე არალიცენზირებული სახლების წინააღმდეგ, რომლებიც აჭარის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს და დაეწყოთ ლიცენზირების პროცესი. ლიცენზირების პროცესი არ დაიწყო და მოხდა უარესი. შემდეგ, ჩვენ გადავდგით შემხვედრი ნაბიჯი და გავხსენით გიორგი მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, სადაც რამდენიმე ბავშვი ამ თურქული პანსიონებიდან გადმოვიყვანეთ“, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს პოზიცია, რომ აჭარაში მოქმედი თურქული პანსიონები ქვეყნისთვის დამანგრეველ ინტერესებს ახორციელებენ.
„აჭარაში ფუნქციონირებს თურქული პანსიონები, რომლებიც პირდაპირ ახორციელებენ ქვეყნისთვის დამანგრეველ და საზიანო ინტერესებს. ისინი ზრდიან ბავშვებს, იმ მიზნით, რომ თურქეთში გაიყვანონ და შემდეგ უკან დააბრუნონ, როგორც მათი იდეოლოგიის გამტარებლები საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ქვრივიშვილმა.
ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენელი მოითხოვს, რომ, გენერალ მაზნიაშვილის პანსიონის მსგავსად, დაიხუროს ყველა თურქული პანსიონიც.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავაგრძელებთ ბავშვთა სახლების გახსნას და გავხსნით იმდენს, რამდენიც საჭირო იქნება, რათა სრულად მოვიცვათ ის მოთხოვნილება, რომელიც აჭარის რეგიონში არსებობს. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონში არცერთი თურქული პანსიონი არ იყოს. ამისთვის დღეიდან გამოვყოფთ 2 მილიონ ლარს, რათა ყველა ბავშვი, რომლებიც თურქული დაფინანსებით არსებულ სახლებში არიან, გადმოვიდნენ ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ. ამავდროულად, მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დაიწყონ გამოძიება, რათა გაირკვეს თურქული სახლების წარმომავლობა, იდეოლოგია, დაიკითხონ ის ადამიანები, ვინც მონაწილეობენ ბავშვების აღზრდაში და ჩატარდეს შესაბამისი პროცედურები“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, თურქულ სახლებთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება არის ცალსახა და ადგილზე არავინ ეთანხმება მსგავსი ტიპის პანსიონების არსებობას, იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის იდეოლოგიური პანსიონები. ქვრივიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიღებული კანონი ეხება ამ პანსიონებსაც, თუმცა, არანაირი რეაგირება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მხრიდან არ ყოფილა.
„ჩვენ რომ გავხსენით მაზნიაშვილის სახელობის პანსიონი, მეორე დღეს შემოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო და დაგვაჯარიმა 3 ათასი ლარით ულიცენზიო საქმიანობისთვის, მაშინ როდესაც 2005 წლიდან მოყოლებული, 43 სახლია აჭარაში გახსნილი, რომელიც იურიდიულად არის ჩვენი იდენტური. 1 ივლისს ჩვენ დავხურეთ პანსიონი და არავის მოუკითხავს არც ამ 25 ბავშვის ბედი და არც ის, თუ ამ კანონს შემხვედრად რა მოჰყვა, ჩვენ მათ დავუნიშნავთ სტიპენდიას, მაგრამ რომ არა ჩვენი დახმარება, ისინი ცხოვრებას გააგრძელებენ გაუსაძლის პირობებში, ზოგი ღია ცის ქვეშაც“, – განაცხადა მან.
ორგანიზაცია “ლეონიდ ჩერნოვეცკი – ქართული მომავალის“ ინფორმაციით, თურქული სახლების ბავშვები უმეტესად სოციალურად დაუცველი, საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული მშობლების, ან გაცილებული მშობლების შვილები არიან.
„2014 წელს მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს და მოვითხოვეთ ლიცენზია ბავშვთა სახლზე, რაზეც სამინისტრომ გვიპასუხა, რომ საქართველოში ბავშვთა სახლების საჭიროება არ არის, იმის მიუხადავად, რომ სრული დაფინანსებით მზად ვიყავით, ჩვენს თავზე აგვეღო ბავშვთა სახლები და გაგვეწია სრული მონიტორინგი ამ სახლებზე“, – თქვა გიორგი ქვრივიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს, ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართოს და იმ ბავშვების აყვანა მოითხოვოს, რომლებიც იმყოფებიან თურქული პანსიონების ზედამხედველობის ქვეშ.
„ასევე, მივმართავთ სხვა წერილით, სადაც ნათქვამი იქნება, რომ არ შეიძლება კანონები მიღებული იყოს ზედაპირულად, რეალობის გათვალისწინების გარეშე. უნდა არსებობდეს გარდამავალი პერიოდი, 2-5 წლამდე, როდესაც შესაძლებელი იქნება ბავშვების პრობლემების მოგვარება. ამის შემდეგ უნდა გატარდეს რეფორმა, რომელიც არსებულ სინამდვილეში არ მუშაობს“, – განაცხადა ლეონიდ ჩერნოვეცკის ფონდის ხელმძღვანელმა.