ლუკა კურტანიძეს, მიუხედავდ უამრავი წარმატებისა, რთული ცხოვრების გზა აქვს გავლილი. მისთვის დიდი ტკივილია აფხაზეთი, სადაც დაიბადა და გაიზარდა და სადაც მამა ისე დაუხვრიტეს, რომ არც კი იცის, მისი საფლავი სად არის. აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ ლუკა პირველად ახლახან იმყოფებოდა საზღვარზე, რაც მისთვის ძალიან მძიმე იყო.
ლუკა კურტანიძე: ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჩემი მეგობარი, ირაკლი ცქიტიშვილი იყო ჩასული აფხაზეთში და მივიდა ჩემს სახლში, სადაც აფხაზები ცხოვრობენ, გვარად ტანიები. სიმართლე გითხრათ, ტკბილად არ შეხვედრიან, მაგრამ, რომ გაიგეს, რისთვის იყო მისული, ოჯახის უფროსმა კარგად მიიღო. ირაკლის მე ვთხოვე, ჩემი ეზოს მიწა წამოეღო და გამოატანეს. ჩამომიტანა. ძალიან ტკივილიანი იყო ეს ყველაფერი, ძველი ჭრილობები გაიხსნა. ეს მაშინ ხდება, როცა მიუახლოვდები, ამიტომ შეგნებულად არ მივდიოდი მთელი ამ წლების განმავლობაში. ახლა ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი ღონისძიებაზე, რომელსაც თვითონ კურირებს. იქ ჩვენი მესაზღვრე პოლიციელები დგანან და მე, როგორც ამ სისტემის თანამშრომელმა, ყოველგვარი ბარიერის გარეშე გადავლახე და ხიდთან ახლოს მივედი. დიდი ემოციაა, როცა სუნთქავ იმ ჰაერს, სადაც დაიბადე, გაიზარდე. მთელი ჩემი ცხოვრება მსოფლიო არენაზე გამარჯვებებს აფხაზეთს, სოხუმს ვუძღვნიდი. როდესაც კვარცხლბეკზე ავდიოდი, როდესაც დროშა ფრიალებდა და ჰიმნი ჟღერდა, ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ვიყავი სოხუმელი, აფხაზეთში გაზრდილი. ეს იყო ჩემი პოლიტიკა, ყველასთვის მეჩვენებინა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია. დიდი ტკივილი იყო, როდესაც საზღვარზე ვიდექი და იმის საშუალება არ მქონდა, გადამედგა რამდენიმე ნაბიჯი იმ მხარეს, სადაც მე გავიზარდე. არ ვინატრებ ისევ მოვხვდე იქ, ძალიან რთულია ამ ყველაფრის გადატანა. 1993 წლის 28 სექტემბრის შემდეგ პირველად ვიყავი ასე ახლოს იმ საზღვართან, რომელიც მაშორებს ბავშვობასთნ, მაშორებს მამის გულს, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მისი საფლავიც არ არის, იმიტომ რომ დახვრიტეს და როგორც ამ ტრაგედიაში მოხვედრილი ბევრი ადამიანის სხეული, ყვავ-ყორნის საჯიჯგნად დარჩა. იმ წარსულთან მაახლოებს, როცა ყველა ცოცხალი იყო და ყველა იმ ტკივილთან, რომელიც აფხაზეთის დაკარგვას მოჰყვა. პირადი ტრაგედია, ბრძოლები, ეს ტკივილი მსოფლიო არენაზე ჩართულობამ, დრომ გადამატანინა.
– როგორ გამოიარეთ ომის პერიოდი?
– იქ არც კი ვიცოდით, ვინ იყო აფხაზი ვინ ბერძენი. ყველა ერთნი ვიყავით. მე ბოლომდე დავრჩი აფხაზეთში. სოხუმი რომ დაეცა, ფეხით წამოვედი ცნობილ გოლგოთის გზაზე. ეს ყველაფერი ხომ ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედია იყო იმის ნახვა, რამხელა ბოროტება ყოფილა ხალხში, მათში, ვინც ძარცვა-გლეჯით დაკავდა. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მთელ თავის საზრდოს ხალხს უნაწილებდა. თუმცა, შემდეგ ამ ყველაფერდაკარგულ ადამიანებს, მოევლინა ისეთი ხალხის კატეგორია, რომელიც შემდეგ ამ ხალხს იარაღით აყაჩაღებდა, ღირსებას ულახავდა. მე რომ წამოვედი, მამა დარჩა აფხაზეთში. იქ აფხაზი, რუსი, სომეხი მეგობრები ჰყავდა და ვერც წარმოიდგენდა, რომ იმის გამო დახვრეტდნენ, რომ ქართველი იყო. გზაზე მიმავალი დახვრიტეს და მიაგდეს ყვავ-ყორნების საჯიჯგნად. წლების განმავლობაში ვეძებდი, დავადგინე ტერიტორია, სადაც დახვრიტეს, ის სომეხიც გარდაიცვალა, რომელმაც მიწას მიაბარა. ძალიან რთული იქნება მამის ნეშტის ნახვა – უნდა გადამოწმდეს ის პერიმეტრი, სადაც დახვრიტეს, მერე კი მთელი კვლევა უნდა ჩატარდეს, იმიტომ კი არა, რომ აქეთ გადმოვასვენო, არავითრ შემთხვევაში, მე უნდა ჩავიდე იქ და მე უნდა დავკრძალო.
– მამის დაღუპვის შემდეგ მთელი ოჯახის სიმძიმე თქვენ დაგაწვათ მხრებზე, როგორ შეძელით ამ სირთულეებთან ერთად ასეთი წარმატებებისთვის მიგეღწიათ?
– აფხაზეთიდან წამოსვლისა და მამის დაღუპვის შემდეგ მთელ სიმძიმე მართლაც ჩემზე გადმოვიდა, 18 წლის ბიჭზე, რომელმაც ასე უშუქობა, უწყლობა, გაუტანლობა, დამცირება, სიცივე გამოვიარე დანარჩენ საქართველოსთან ერთად. არც სახლ-კარი, შიმშილი, უდენობა, მამა – უგზო-უკვლოდ დაკარგული, ჯერ კიდევ არ ვიცოდი და მერე გავიგე, რომ დახვრიტეს. ადვილია ახლა ცხოვრება, იმიტომ რომ ყველაფერი ვნახე. მიზნად დავისახე, სპორტს ბოლომდე გავყოლოდი, ღმერთთან ერთად გავიარე ეს რთული პერიოდი. გვეუბნებოდნენ, რა დროს სპორტიაო. საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. იქიდან რუსთავში გადავინაცვლე, სადაც ბიძამ დამითმო სახლი. ყოველდღე დავდიოდი ვარჯიშზე. რუსთავიდან ხან სატვირთო მანქანას გამოვყვებოდი თბილისში, ფეხითაც წამოვსულვარ და წავსულვარ. საქართველოში ათლეტიზმის ერთ-ერთი დამფუძნებელ დათო რაზმაძეს ფიტნეს-დარბაზი ჰქონდა, სადაც რამდენიმე წელი უსასყიდლოდ ვვარჯიშობდი. იყო შემთხვევები, როცა ვარჯიშებზე უჭმელობისგან გული წამსვლია, მაგრამ მათბობდა და ძალას მაძლევდა ის, რომ დანარჩენი საქართველო გვეფერებოდა. ძალიან რთული პერიოდი მქონდა, აფხაზეთის ტრაგედიიდან დაწყებული, მერე – პირადი, თავისუფლების მოედანზე ფეხით მოვდივარ, წვერმოშვებული, დაფიქრებული, ალბათ, მეტყობოდა, რომ ძალიან ბედნიერი სახე არ მქონდა, გადმოვიდა მანქანიდან მაღალი, თეთრწვერიანი სასულიერო პირი, მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო, შემდეგ გავიგე, მეუფე ანტონი ყოფილა. მოვიდა და მითხრა, რომ გმირობა ის არის, როდესაც წაქცეული ადამიანი ფეხზე დადგები და ბრძოლას გააგრძელებ, თორემ ფეხზე რომ დგახარ, ხომ ისედაც იბრძოლებო. ამ 15-20 წლის შემდეგ მე შევხვდი მეუფეს, ფიქრობდა, რომ ეს მე არ მახსოვდა. ვანში ვიყავი სტუმრად, სადაც რეზიდენცია აქვს და მეუფეს იქ ვუთხარი ის სიტყვები. ძალიან გაუხარდა, რომ ათწლეულების შემდეგ ისევ მახსოვდა. ვანის არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი პატარა ქანდაკება მაჩუქა.
– რას გვეტყვით თქვენს ულამაზეს მეუღლეზე, რომელიც ყველაფერში გვერდით გიდგათ?
– მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ეს წლები, გვერდით მედგა ჩემი მეუღლე ხათუნა მიქაცაძე. ის არის ჩემი მენეჯერიც, მწვრთნელიც, იმიჯ-მეიკერიც, პიარიც. ძლიერი ადამიანია და ძალიან დამეხმარა. ჩვენ პირველად ერთმანეთს ბაქოში გადავეკვეთეთ, როდესაც მე ევროპის ჩემპიონატზე ფინალში გადავედი. იმ პერიოდში ხათუნა სამსახურის გამო იმყოფებოდა ბაქოში და სხვებთან ერთად ჩემს საგულშემატკივროდ მოვიდა, ჩვენ ახლოს ვიყავით, მაგრამ იქ ერთმანეთს ვერ შევხვდით. როდესაც ვშორდები და სამსახურში ვტოვებ, ვფიქრობ, როდის გავა ეს დრო, რომ ისევ ვნახო. მასთან შეხვედრა მთელი დღესასწაულია. როდესაც რაღაც საქმეზე ვსაუბრობთ და მიზნებს ვისახავთ, რჩევებს სულ ვეკითხები, მაგრამ არ ვეთანხმები, მერე ისე გამოდის, რომ რასაც მეუბნებოდა, თურმე, სწორი ყოფილა და ისე ვაკეთებ. ახლა, უბრალოდ, ძალიან მორიდებით ვეკითხები, რას მირჩევ-მეთქი. ღმერთს მადლობა იმისთვის, რომ ასეთი სილამაზე ჩემთვის გაიმეტა. მე ვუფრთხი ხოლმე თვითმფრინავს, მთელი ცხოვრება დავფრინავ, მაგრამ მეშინია. როდესაც ლოს-ანჯელესში პოლიციელთა შორის მსოფლიო ოლიმპიადა ჩატარდა, ბატონმა გიორგი მღებრიშვილმა დამირეკა: თუ გააძლიერებ ჩვენს გუნდს ამ შეჯიბრებაზეო. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა. მაშინ პირობა მივეცი, რომ პირველ ოქროს მედალს მე მოვიპოვებდი და მართლაც ასე მოხდა. რომ გავაცნობიერე, ეს ყველაფერი, ძალიან ვინერვიულე. სახლში რომ მოვედი და ხათუნას ვუთხარი ლოს-ანჯელესში არის მსოფლიო თამაშები-მეთქი, ისე გაუხარდა, რომ გადავწყვიტე, აწი სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან უნდა მახლდეს და მას შემდეგ როგორც თილისმა, ისე არის ჩემ გვერდით სულ, ბრძოლაშიც, საქმეშიც მიზნებშიც. მე ხათუნას ღვთის საჩუქარს ვეძახი.
http://tbiliselebi.ge/