კიევის პროკურატურა ჟურნალისტ პაველ შერემეტის გარდაცვალების საქმეს განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებს. ჟურნალისტი 20 ივლისის დილით, უკრიანის დედაქალაქის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა.
როგორც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ მკვლელები პროფესიონალურად მოქმედებებდნენ.
გამოცემა “ნოვაია გაზეტა” ჟურნალისტის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვალებამდე პაველ შერემეტი მასზე თვალთვალის შესახებ საუბრობდა.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მომხდარს “საშინელი ტრაგედია” უწოდა და სამართალდამცველებს მკვლელობის დაუყოვნებელი გამოიძიება დაავალა.
ჟურნალისტი რადიო “ვესტის” წამყვანი იყო და გამოცემა “უკრაინსკაია პრავდასთან” თანამშრომლობდა. გამოცემის ცნობით, მანქანა ბოგდან ხმელნიცკისა და ივან ფრანკის ქუჩების კვეთაზე აფეთქდა, როდესაც შერემეტი რადიოში დილის ეთერისთვის მიდიოდა. ავტომობილი “უკრაინსაკაია პრავდას” ხელმძღვანელს ელენა პრიტულას ეკუთვნოდა, თუმცა ის თავად მანქანაში არ იმყოფებოდა.