ზვიად ჯაფარიძე, რომელიც დღეს ვერცხლის ქუჩაზე მოკლეს მთაწმინდელია. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ოქროს უბანში დავით კლდიაშვილის 3 ნომერში ცხოვრობდა.
როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, ზვიად ჯაფარიძეს დარჩა მეუღლე და 2 შვილი. ისინი დავით კლდიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებლად დაახლოებით 5 წლის წინ გადმოვიდნენ. იმ დროისთვის ზვიად ჯაფარიძე პატიმრობაში იმყოფებოდა.
“პრაიმტაიმთან” საუბარში მოკლულ ზვიად ჯაფარიძეს მეზობლები დადებით და უკომფლიქტო პიროვნებად ახასიათებენ.
თბილისში მცხოვრები ზვიად ჯაფარიძე წარსულში არაერთხელ არის ნასამართლევი. მათ შორის ნასამართლევია 2016 წელს მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის, ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევია 2013 წელსაც. 2006 წელს ნასამართლევია – ყაჩაღობის ბრალდებით, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის, გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით. ასევე, ნასამართლევია ქურდობისთვის.
ამ ეტაპზე უცნობია, რა უძღოდა წინ ვერცხლის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას და უკავშირდება თუ არა ეს ფაქტი წარსულში არსებულ კრიმინალურ დაპირისპირებას.
შეგახსენებთ, რომ ვერცხლის ქუჩაზე ზვიად ჯაფარიძის მისამართით ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. გარდაცვლილს ტყვია თავის არეში აქვს მოხვედრილი. ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.