არ არსებობს საყოველთაოდ მიღებული თეორიები, ყველა ქვეყანას სჭირდება მასზე მორგებული ეკონომიკური ზრდის პოლიტიკა–ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა „საქართველოს ეკონომიკის განვითარების ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ოთხი წლის წინ, როდესაც მე დავიკავე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტი, ისევე, როგორც ყველა ადამიანს, რომელსაც სჯერა საბაზრო ეკონომიკის და დღესაც ასეა, მე მქონდა ჩემთვის ჩამოყალიბებული საყოველთაოდ მიღებული თეორიები, რა ნაბიჯები უნდა გადაგვედგა იმისთვის, რომ უზრუნველგვეყო ეკონომიკის სწრაფი განვითარება. თუმცა, პრაქტიკული ნაბიჯების განხორციელებისას ვხედავდით გარკვეულ მიმართულებებს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან სწორ ჩარევას საჭიროებდა, რათა ინდუსტრია ამუშავებულიყო, მთელი მიმართულება სიცოცხლისუნარიანი გაგვეხადა. მე ვთხოვე ჩემს დიდი ხნის მეგობარს, ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელიც გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, შემოერთებოდა ჩვენს გუნდს და შეექმნა ინდუსტრიული განვითარების მიმართულება ეკონომიკის სამინისტროში. როგორც მას, ისევე მეც, გაგვაჩნია ის ცოდნა, რომელიც ორივეს მიღებული გვაქვს კარგ ბიზნესსკოლაში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს რაღაც დამატებითია საჭირო იმისთვის, რომ სწორი განვითარება უზრუნველვყოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ დავინტერესდით როდრიკის განვითარების თეორიით, როდესაც გარკვეულ მიმართულებებს, სწორი დახმარების შედეგად, ეძლევა მეტი მნიშვნელობა და როდესაც ხდება გამოუყენებელი შესაძლებლობების ამუშავება და მთლიანად ღირებულებათა ჯაჭვი იწყებს მოქმედებას. ნუგზარის ჯგუფმა შეისწავლა რამდენიმე მიმართულება და ჩვენ დავდეთ ძალიან სერიოზული ნაბიჯების გეგმები და რამდენიმე პროექტი წარმატებით განვახორციელეთ,“–აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა ჩამოყალიბდა ოთხ ჩარჩო–მიმართულებაზე: განათლების სისტემის რეფორმირება, ეკონომიკური რეფორმები, სივრცითი მოწყობა, მმართველობის რეფორმა.
„ეს არის უპირველეს ყოვლისა, სწორი რეფორმები განათლების სისტემის მიმართულებით, რათა ჩვენი უმაღლესი განათლება უფრო მეტად იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული, რათა ახალგაზრდები ოთხ წელს არ ატარებდნენ იმ პროფესიების სწავლაში, რომელიც შეიძლება, დღეს საქართველოში იმდენად მოთხოვნადი არ იყოს. ასევე, სწორი რეფორმები პროფესიული განათლების მიმართულებით და ჩვენ აქ გავიზიარეთ გერმანიის ორმაგი – დუალური განათლების მოდელი, როდესაც კერძო სექტორის ჩართულობით ვახდენთ ახალგაზრდების და არა მხოლოდ მათ მომზადებას იმ მიმართულებებით, სადაც დღეს დიდი საჭიროება არსებობს. მეორე უმთავრესი მიმართულებაა ეკონომიკური რეფორმები. ჩვენ ვთვლით, რომ დღევანდელ პირობებში, როდესაც საქართველო ეკონომიკური ზრდით დიდწილად დამოკიდებულია პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე და როდესაც რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობა მთლად სახარბიელო არ არის, რაც გამოწვეულია, ერთის მხრივ, ნავთობის ფასების კლებით და, მეორეს მხრივ, რეგიონული კონფლიქტებით, განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს უკრაინაში კონფლიქტი, ჩვენ ვიფიქრეთ, რომ საინვესტიციო რესურსის მობილიზება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამიტომ, გამოვედით მოგების გადასახადის წლის გაუქმების რეფორმის იდეით. 2017 წლის პირველი იანვრიდან მოგების გადასახადი გაუქმებული იქნება. აქ ჩვენ ვისესხეთ ესტონური მოდელი, როდესაც რეინვესტირებული მოგება არ იბეგრება და მხოლოდ განაწილებული მოგება იბეგრება. ამით, ჩვენ ერთად ორ კურდღელს ვიჭერთ – ერთია შიდა საინვესტიციო რესურსის მობილიზება და რა თქმა უნდა, საქართველოს, როგორც ეკონომიკურად ლიბერალური ქვეყნის პრომოცია საერთაშორისო ასპარეზზე,“–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ–მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის რეფორმასა და სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებული საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რომელიც მომავალი წლიდან დაიწყება. პრემიერმა ისაუბრა სერვისებზე ორიენტირებული სახელმწიფოს მოდელზე და ხაზი გაუსვა ერთიანი ფრონტ–ოფისის შექმნის მნიშვნელობას.