სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი თამარ კიკნაძე ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს.
“არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი, რასაც მარჩენალდაკარგული გმირი ვაჟკაცების აღმზრდელი მშობლების ტკივილი ქვია, ეს თემა ყველა ნორმალური ხელისუფლების დროს უნდა იყოს აქტუალური.
სამწუხაროდ, ვერ დავივიწყებ როგორც აფხაზეთის ომში უგზოუკლოდ დაკარგული ერთადერთი ძმის, გოგიტა კიკნაძის და იმ ამორალურ და ყოვლად მიუღებელ დამოკიდებულებას, რასაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს.
სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობის დროს “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აშკარად გამოხატავდნენ აფხაზეთის ომის მონაწილეების მიმართ უპატივცემულობას, მათ არად მიაჩნდათ ჩვენი ოჯახის წევრების ტკივილი და განცდები და ისინი აშკარად განასხვავებდნენ აფხაზეთისა და აგვისტოს ომის გმირებს და როდესაც დგებოდა საკითხი, ისინი აგდებით პასუხობდნენ გამწარებულ დედებს, რომ ისინი არ იყვნენ აგვისტოს ომის მარჩენალდაკარგულები და რომ მხოლოდ 2008 წლის ოჯახის წევრებს ეხმარებოდნენ. ტელევიზიები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც მხოლოდ 2008 წლის გმირებზე ახდენდნენ აპელირებას, მხოლოდ მათ ედგნენ გვერდით და არ ახსოვდათ აფხაზეთი.
გულისამრევია, როცა ის ვეტერანები, რომლებმაც გამოიარეს ბრძოლის ქარცეცხლში, როგორ უნდა დაუდგნენ გვერდით “ნაციონალურ მოძრაობას”, რომლებმაც არაფრად ჩააგდეს მათი ღვაწლი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ნუთუ არ ახსოვთ მათ ის საშინელი დამოკიდებულება, როგორ არბევდნენ, სასტიკად უსწორდებოდნენ გმირთა მოედანზე, როდესაც აპროტესტებდნენ მათთვის მტკივნეულ საკითხებს, ნუთუ დაავიწყდათ, მათ რომ სწორედ სააკაშვილის მმართველობის დროს გაუუქმეს ის დახმარებები, რომელიც შევარდნაძის მმართველობის დროს დაენიშნათ და სარგებლობდნენ კომუნალური გადასახადების შეღავათებით.
სწორედ ნაციონალების დროს დაენიშნათ ვეტერანებს ის სამარცხვინო თანხა, 20 ლარი. დღეს მარჩენალდაკარგულ დედებს, ოჯახის წევრებს, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან დაენიშნათ 1000 ლარი, რაც მართლაც რომ აღსანიშნავია და მადლობა მინდა გადავუხადო ღიად, როგორც აფხაზეთის ომში დაკარგული ერთადერთი ძმის დამ.
ამ ხელისუფლებას არ განუსხვავებია აფხაზეთისა თუ 2008 წლის ომში დაღუპულების ოჯახის წევრები და აღნიშნულ დახმარებას ყველა იღებს, აი განსხვავება რაშია “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის.
როგორ შემიძლია, რომ დავივიწყო ის მწარე რეალობა, რაც გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ, დედას ხელმეორედ მოუკლა შვილი, როდესაც 182 -ე საშუალო სკოლას მოუხსნეს სტატუსი, რომელიც გოგიტა კიკნაძის სახელს ატარებდა, მოხსნეს სტენდი და სკოლის ტრაფარეტი და ფოტოები სანაგვეში გადაყარეს, ქართველმა ერმა 90-იან წლებში ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა, რა დროსაც აფხაზეთის ომმა არაერთი ლამაზი ქართველი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა. რაც არასოდეს არ უნდა მიეცეს დავიწყებას. სწორედ ამ ვაჟკაცების გმირობის ამსახველ რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შეიქმნა ახალი ისტორია და სწორედ ამ სულისკვეთებით, რასაც სამშობლოს სიყვარული და ნამდვილი ვაჟკაცობა ქვია, უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობები.
არცერთი სამშობლოსათვის ზვარაკად შეწირული ვაჟკაცი დავიწყებას არ უნდა მიეცეს. სააკაშვილს რომ ადარებენ დავით აღმაშენებელს, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. საღად მოაზროვნე ქართველისთვის უნდა იყოს მიუღებელი. დავით აღმაშენებელი ცოცხალი რომ იყოს, თავს მოიკლავდა. სააკაშვილს როგორ შეიძლება შეადაროთ იგი. აღმაშენებელი კიარა გამანადგურებელის სტატუსი უფრო მოუხდება მას. რომელმაც იმ პერიოდში ჩაკლა პატრიოტული სულისკვეთება.
და ამის შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანმა, როგორ უნდა მისცე ხმა ამ მავნებლებს? დღეს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში სკოლას სტატუსი დაუბრუნდა და ჩვენი მომავალი თაობა გაიზრდება იმ კედლებში, სადაც გმირები გაიზარდნენ.
არ მაინტერესებს, რას იტყვიან ამ ჩემი გულისტკივილის ღიად დაფიქსირების დროს მავნებელი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მომაწერენ პოლიტიზირებას, არ მაინტერესებს პოლიტიკა, როცა საკითხი ეხება ჩემს გამწარებულ ოჯახს, რომლებსაც ჩემი ძმის საფლავი არა გვაქვს, მამა გიორგი კიკნაძე გადაყვა ჩემი ძმის ტრაგედიას და საღსალამათი კაცი ხელებში ჩამაკვდა, დედა კი დღესაც მოლოდინშია, როდის ვიპოვით ჩემი ძმის საფლავს.
იმედი მაქვს წითელი ჯვარი და ჩვენი ხელისუფლება, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა გმირის ცხედარი დაუბრუნდეს ოჯახებს”, – წერს თამარ კიკნაძე.