არაფერი გამოვა. დანდობა არ იქნება. თქვენი გადასაწყვეტია – ან „ფარაონს“ ცოცხლად უნდა ჩაჰყვეთ მის პოლიტიკურ სამგლოვიარო პირამიდაში, ან წალენჯიხა მაინც ააყვავოთ, – ამის შესახებ Facebook-ზე ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს, რითაც მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება.
„ყველას მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო. ინტელექტუალსაც და რეგვენსაც. აქ არევა – შედეგს ვერ მოიტანს. ასეთი დასკვნა გამოვიტანე დღევანდელი სუს-ის ბრიფინგიდან: “1,2,3,4,5,6,7,8,9…ათი – ვინც დამალული არ არის, ჩემი ბრალი არ არის” – დაახლოებით ამ შინაარსის გაფრთხილება იყო. კიდევ ერთი. ამ ჯერზეც – პრევენციული. და ალბათ – უკანასკნელი.
ვერ ხვდებიან ცოტა უფრო რთულ ტექსტებს, როდესაც პირდაპირ, თარიღების, მოქმედი პირების, ჩაფლავებული გეგმების მიხედვით ესაუბრები, რომ 2014 წლის გაზაფხულიდან ვიცით ყველაფერი, რომ გადაშლილი წიგნივით ცნობილი და პრიმიტიულები ხართ ჩვენთვის. უფრო სწორად წიგნის არა, ჯინ შარფის პრაქტიკული ინსტრუქციის: “მშვიდობიანი რევოლუცია და მისი მიღწევის 198 მეთოდი” – მაინც ვერ იგებენ, რომ ყველაფერი ვიცით. არა და – ვიცით, რომ თქვენ იცით, რომ ჩვენ ვიცით – მაგრამ პრიმიტივიზმი მხოლოდ ფერწერაშია გენიალურობასთან გაიგივებული. პოლიტიკაში – პირიქით.
სამად სამი მაგალითი რომ გაქვს – სერბეთის რევოლუცია, “ვარდების” გადატრიალება და კიევის “მაიდანი” – და რომ გიხარია, რომ მხოლოდ შენ იცი ამის შესახებ, რეგვენი ხარ, აბა ვინ ხარ. არ გამოგივათ, ტყუილად ფართხალებთ გამაძღარი და შიზოფრენია/ნარკოდამოკიდებულება/სპერმოტოქსიკოზის მსხვერპლის პარანოიდალური ბრძანებების უშედეგო აღსრულების გზაზე. მოკლედ… გაფრთხილებულები ხართ. არაფერი გამოვა. დანდობა არ იქნება. თქვენი გადასაწყვეტია – ან “ფარაონს” ცოცხლად უნდა ჩაჰყვეთ მის პოლიტიკურ სამგლოვიარო პირამიდაში, ან წალენჯიხა მაინც ააყვავოთ“ – წერს დავით ქართველიშვილი.
სუსის განცხადებით, სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორები გეგმავენ სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას და პენიტენციურ დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გადაკეტვას, აქტიურად განიხილება ერთ-ერთი ოპოზიციური ლიდერის ლიკვიდაციის შესაძლებლობაც.