სამჯერ გამოიქცა თეატრიდან, სამჯერვე მიშა თუმანიშვილმა დააბრუნა. სიმაღლის გამო შეყვარებული ქალი არ უთამაშია სცენაზე. დასამახსოვრებელი გამოდგა მისი გმირი, ბაბულა, ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“.
ცოტამ თუ იცის, რომ ბაბულასაც და ეგონასაც სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთი მსახიობი თამაშობს. მაშ ასე, დღეს ჩვენი სტუმარია თუმანიშვილის თეატრის მსახიობი ლაურა რეხვიაშვილი.
საყვარელი ქალის მოსახელე შვილი და დახვრეტას გადარჩენილი მამა
– სოხუმში დავიბადე, მაგრამ ლტოლვილი არ ვარ. ჩემი მშობლები გადმოსახლდნენ ქლუხორში, რომელიც ადრე საქართველოს შემადგენლობაში იყო. აუთვისებელი გახლდათ ამ რაიონის უმდიდრესი მიწა-წყალი. მამაჩემის ბიძას ჩააბარეს კვების მრეწველობა. იქ იყო საოცარი საშუალება მესაქონლეობის. მაშინ მამაჩემი ახალი დაბრუნებული იყო 41-45 წლების ე.წ. „სამამულო“ ომიდან. უნდა ჩაებარებინა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ დაინახა დედაჩემი და ყველაფერი გადაავიწყდა. დავიბადე სოხუმში. ბიძაჩემმა იფიქრა, ასე არ შეიძლებაო და ქლუხორში ფერმა ჩააბარა სამართავად. პატარა გადახვევას გავაკეთებ… მამაჩემი უნგრეთში ტყვედ ჩავარდნილა. დასახვრეტად ყოფილა დანომრილი. დახვრეტის დღეს სიცხე გაუსინჯეს დასახვრეტ ტყვეებს და სიცხე ჰქონია მამაჩემს. იქ ასეთი წესი ყოფილა, სიცხიანს არ ხვრეტდნენ. მამასგან ვიცი ეს ისტორია. სიცოცხლის მიწურულს გამიმხილა, როცა ჩემი სახელის წარმომავლობით დავინტერესდი, რატომ მქვია მე ლაურა. საქართველოში ძალიან იშვიათი სახელია. ამ სახელის მატარებელმა ექთანმა იხსნა მამაჩემი სიკვდილისგან. ძალიან მოსწონებია, შესცოდებია და იმ ღამეს კონცლაგერიდან გამოუპარებია. სიმინდის ყანაზე გადავიარეთ, ყველა ფოთოლთან შეხებისას მეგონა, ეს ხმა კონცლაგერამდე მიაღწევდა, ყოველ წუთას ველოდი სროლის ხმასო, მიყვებოდა მამა… ამდენი ფილმია გადაღებული ომზე და მსგავსი ისტორია არსად მინახავს. საინტერესო ისტორიაა, ნამდვილი ამბავი, ვფიქრობ, საინტერესო ყველა სცენარისტისა და რეჟისორისთვის. მერე არ ვიცი, რა მოხდა, მამა და ლაურა ერთმანეთს დაშორდნენ და მამაჩემმა დედა გაიცნო.
ხრუშჩოვის ბრძანებით გადასახლება და ხეებზე გატარებული ბავშვობა
დავსახლდით ქლუხორის რაიონში. 6 წლამდე იქ ვიზრდებოდი. მახსოვს, რა მდიდრები ვიყავით. გვყავდა უამრავი პირუტყვი, ფრინველი, ფაქტობრივად, ფერმერები ვიყავით… მაგრამ იმ ღორისთავიანმა ხრუშჩოვმა ბრძანება გასცა და, ისევე როგორც ჩეჩნეთი, ეს ტერიტორიაც 24 საათში ყაბარდო-ბალყარეთს შეუერთეს. დღეს ეს ადგილი კურორტი წებელდაა. ქლუხორში ჩასახლებული ქართველები, ასე უგონოდ რომ მდიდრდებოდნენ, სხვადასხვა ადგილას გადაასახლეს. ჩემმა მშობლებმა, რამდენიმე ოჯახთან ერთად, კახეთი აირჩიეს. მე მაინც მგონია, რომ ეს დედას გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ დედა უწერიდან გახლდათ. გადმოვსახლდით რუისპირში. სკოლა იქ დავამთავრე. არაჩვეულებრივი ბავშვობა მაქვს გატარებული, არაჩვეულებრივ ხალხთან, არაჩვეულებრივ სოფლებში და თუ ჩემი რაიმე მოგწონთ და, ალბათ, მოგწონთ, იმიტომაც გიზივართ ახლა ინტერვიუზე, ნიჭიდან დაწყებული, რაც ჩემში ადამიანური და მადლიანია, ამ სოფლიდან მომაქვს. სიყვარულიან გარემოში გავიზარდე, საკუთარი შრომით მოპოვებულ, ყველა გაგებით მდიდარ ატმოსფეროში, სადაც არავინ არაფერს მიშლიდა, რაც მინდოდა, ყველაფერი მქონდა. აღმომაჩნდა უნარი, მეტარებინა, კონცერტები, სპექტაკლები… ხეებზე გავიზარდე…
ჩუმად არჩეული პროფესია და სამჯერ გაქცევა თეატრიდან
– მკაცრი მშობლები გყავდათ?
– არა, არანაირი სიმკაცრე. თითი არ დაუკარებიათ ჩვენს მშობლებს ჩვენთვის. რას ვუშლიდით, მინდვრად ვიყავით გაჭრილები მე და ჩემი დები. საზიზღარი წყობა იყო კომუნისტური. დედა და მამა ფიზიკურად მუშაობდნენ, მიწას ებრძოდნენ, მესაქონლეობას მისდევდნენ. ვცხოვრობდით ვენახებით. ერთადერთი, რაც ცუდად მახსოვს, დედა თოთო ვენახის გამარგვლას გვავალებდა. მე ესეც მეზარებოდა, ჩემი დები აკეთებდნენ. მე ხეზე ვიჯექი, არ ვჭამდი, არ ვსვამდი. საჭმელი არ მახსოვდა. კენკრით ვიკვებებოდი. დავდიოდი ეზოდან ტყეში, ტყიდან ეზოში.
– პროფესია როგორ აირჩიეთ?
– მამაჩემს უნდოდა ექიმი გამოვსულიყავი, დედას – მასწავლებელი. ფიზიკას ვსწავლობდი კარგად, იმიტომ რომ მასწავლებელი მიყვარდა. პედაგოგიურში შეტანილი მქონდა უკვე საბუთები, რაღაცამ რომ დამარტყა თავში. მშობლების ჩუმად წავედი თბილისში მამაჩემის ბიძაშვილთან, ვუთხარი, გამოპარული ვარ-მეთქი და საბუთები თეატრალურში გადავიტანე. ამ დროს ტელევიზორში უკვე ნანახი მქონდა „ანტიგონეს“ რეპეტიციები. კინაღამ შევძვერი ტელევიზორში… რა არის ეს, რატომ არ დამაინტერესა მეც ნემსის გაკეთებამ?
– არ მითხრათ ახლა, რომ ნანობთ…
– არა, სხვა რამეს ვნანობ.
– რას?
– მიშა თუმანიშვილმა მითხრა, შენ თუ შრომა არ დაგეზარება, იმდენი რამ გაქვს არტისტის, შენნაირი მასალა არ მყოლიაო. ერთადერთი ნაკლი მაშინ ჩემი სიმაღლე იყო. პარტნიორის მოძებნა ძნელი იყო ჩემთვის. შეყვარებული გოგო არ მითამაშია, ჩემი ფიზიკური მონაცემის გამო. ახალგაზრდობიდანვე, მფუთავდა და მბუდავდა. დიდი აღმოვჩნდი ამ სცენისთვის. ძალიან მწყდება ამაზე გული. ამიტომ თუმანიშვილის თეატრიდან სამჯერ ვარ გაქცეული. სამჯერვე თვითონ მომაბრუნა.
– თქვენი მობრუნება არ უნდა იყოს იოლი…
– მოციქულებს მიგზავნიდა. ამასთანავე, იმდენი მაწამა, იმდენი მიჩიჩინა. რა უფლება გაქვს, გარეთ რომ დგახარ და ვიღაცას ელაპარაკებიო. ასე აღარ ხარ იდუმალი, რატომ უნდა იყიდოს შენს სანახავად ვინმემ სპექტაკლის ბილეთიო. დგახარ და შენს მანერებს გამვლელებსა და ტრანსპორტში მსხდომთ აჩვენებო. ასე გამზარდა. ახლა სასაცილოა ამაზე ლაპარაკი, თითქოს გოიმობაცაა. როცა გაქებენ, არ დაიჯეროო, მეუბნებოდა.
– ახლაც არ გჯერათ?
– როცა პროფესიონალი გაქებს. მისგან ორი სიტყვა – მომწონს ან არ მომწონს, სირცხვილია. უნდა მითხრას, რატომ მოსწონს, ან რატომ არ მოსწონს. მონალიზას ბევრი უყურებს, მაგრამ ყველას კი არ ესმის, რატომ არის შედევრი ეს შეუხედავი ქალი.
„ბაბულადან“ „ეგონამდე“
– ვერ ავცდებით „ბაბულას“ გმირს ფილმიდან „სიყვარული ყველას უნდა“.
– კახურად რომ ავლაპარაკდი, ვიღაცებს გაუკვირდათ. იქ გავიზარდე, კაცო. კახური ან მეგრული დიალექტი რა მოსატანია, როცა „დონ ჟიუანში“, თუ მჭირდებოდა, ფრანგულად ვლაპარაკობ, თუ მჭირდებოდა – ინგლისურად, სადაც ვიყავით, რომელ ქვეყანაშიც. მინდა გითხრათ, რომ პარალელურად აზერბაიჯანული თეატრის მსახიობიც ვარ. ვარლამ ნიკოლაძე გახლავთ ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. გახსოვთ, ალბათ, „ნიკოლ შოუს“ ბიჭების მამა, გიჟი ზურაბა ფილმში „ზოგი ჭირი მარგებელია“. ხან აზერბაიჯანულად მიწევს როლის სწავლა, ხან – თურქულად და კახური და მეგრული აქ რა მოსატანია.
– ბევრმა ისიც არ იცის, რომ „ბაბულასა“ და „ეგონას“ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთი მსახიობი თამაშობს.
– მართალია. ეს მასწავლა მიშამ და, ალბათ, ამის გამოც მეუბნებოდა, უზარმაზარი მარაგი გაქვსო. ნიჭიერება ღვთისგან ბოძებული სიმდიდრეა და ვერავინ იყიდის, რომ გასკდეს შუაზე. იცით, როგორ ვწუხდები? თქვენ არ იცით, მთელი დღე რომ მეგრელი ეგონა ხარ, ძალიან ძნელია. გულწრფელად გეუბნებით, მეტირება. მთელი დღე რომ ეგონას თამაშობ, სახლში რომ შედიხარ, შენი ნამდვილი სახლი, შვილი იცი, რა დიდხანს არ არის ნამდვილი? დილას ვეფერებოდი მათეს, ბოდიში, გუშინ არ შემეძლო, დაღლილი ვიყავი-მეთქი.
ჩემი სარძლოს ტვინზე მოწყობილი ქალი ვარ
– დედამთილი ჯერ არ ხართ?
– არა, მაგრამ ვარ. იმიტომ რომ არსებობს გოგონა, რომელიც ჩემს შვილს უყვარს და რომელსაც ჩემი შვილი უყვარს. აუცილებლად უნდა მოვესწრო შვილიშვილს.
– მგონია, ძალიან პრეტენზიული დედამთილი იქნებით…
– მე?! ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე? არა, საყვარელო. ჯერ ერთი, მე დედამთილი არ ვიქნები, მეზიზღება ეს სიტყვა.
– თქვენ როგორი დედამთილი გყავდათ?
– არაჩვეულებრივი დედამთილი მყავდა და მყავს. ჩემგან რადიკალურად განსხვავებული. მე ჩემი სარძლოს ტვინზე მოწყობილი ქალი ვარ.
– არასდროს დაგიწუნიათ რჩეული ქალი შვილისთვის?
– არა, რას ლაპარაკობთ. სხვათა შორის, ეს გოგონა პირველმა მე შევამჩნიე. ჯერ მე წამომცდა, რა კარგი გოგოა-თქო. გაატარა. მეორედ აღარ წამომცდა, პირდაპირ ვუთხარი. მესამედაც რომ ვუთხარი, რას გადამეკიდე, რა გინდაო, მითხრა.
– ბარბარესა და მაქსიმეს ისტორია გამახსენდა…
– (იცინის) არა, მთლად ასე არ იყო. დეტალებს ვერ მოგიყვებით, არ მინდა, მათი საიდუმლო გავცე. ერთს გეტყვით მხოლოდ, რომ მათ შორის ნამდვილი სიყვარული გაჩნდა მერე. უყვართ ერთმანეთი და ეს ჩემთვის საყურებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტია. ამან უნდა მაცოცხლოს. უყვართ ერთმანეთი და ერთმანეთს ტყუილს არ აკადრებენ, დამთავრდა! ძალიან მინდა, რომ გოგონა ეყოლოთ, რომ მე ავამღერო, ავაცეკვო და ამით ვიყო ბედნიერი. მათე ის შვილია, მე რომ ვნატრობდი.
– რა შეცვალა ამ სერიალმა თქვენს ცხოვრებაში?
– აქ რომ მოვდიოდი, ქუჩაში ორი ახალგაზრდა ბიჭი ერთმანეთს ენაძლევებოდა, ეგონა ვიყავი თუ არა. აი, ეს შეცვალა. ქუჩაში სელფებს იღებენ ჩემთან, ტრანსპორტში მიღიმიან, მესალმებიან. ამას წინათ ვიღაცამ მომიყვა, ბორჯომში იუბილარს უთქვამს, რა დროს სუფრაა, ეგონა იწყებაო. მე რომ კინოებში გადამეღო და არ დანგრეულიყო ის დარგი, რასაც ქართული კინო ჰქვია, ხომ შეიძლება, მეთამაშა მეც სესილიასავით. სად არის კინო… მე მაინც გავაკეთე კინოში განაცხადი, მომიშვირეთ კამერა, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი… რეზო ინანიშვილმა რომ ნახა „ბაბულა“, დაწერეთ ამ ქალისთვის სცენარებიო, ამბობდა.
– დასასრულ, თეატრის ამბებიც მომიყევით, სამომავლო გეგმები…
– ათონელზე მე და რამაზ იოსელიანმა ვითამაშეთ ორკაციანი სპექტაკლი „ჰელვერის ღამე“. ჩემზე კარგად არავინ იცის, სად გამომივიდა და სად – არა. ძალიან მაგრად გამოგვივიდა მე და რამაზს და გაზაფხულზე ნება უნდა იბოძოს ქალაქის მერიამ და დაგვიფინანსოს მოწვევა მალტაში, მსოფლიო თეატრალურ ფესტივალზე. ეს არის სპექტაკლი, სადაც სულ მგონია, რომ ან ჩემთვის, ან რამაზისთვის სასწრაფო იქნება გამოსაძახებელი. ვიხოცებით, ისე ვთამაშობთ. ვისაც უნდა სხვანაირი მნახოს, უნდა მოვიდეს თეატრში.
– თუმანიშვილის თეატრში რაზე მუშაობთ?..
– ახლახან დავამთავრეთ მუშაობა დე ფილიპოს სპექტაკლზე „ქალაქი n“. სამჯერ ვითამაშეთ უკვე პრემიერა.
– თინეიჯერულად გამოიყურებით, შეიძლება ასაკი გკითხოთ?
– მე ვარ… ახლა რომელი წელია (იცინის).
– 2017 მოდის.
– ჰოდა, 66-ის გავხდები… არ მჯერა ექვსიანების… ერთი რამ მინდა ვისურვო წინასაახალწლოდ, ღმერთო ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გაღიმებასა და ამოსუნთქვას მომასწარი… შიშს აღარ მინდა ვხედავდე არავის თვალებში.
„პრაიმტაიმი“