საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოკადრებს ავრცელებს, რომელზეც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტ ილარიონისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრაა ასახული.
შეხვერდა 2017 წელს თბილისში, საპატრიარქოს შენობაში გაიმართა.
„2017 წლის პირველი ნოემბერი, მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის ვიზიტი პატრიარქთან. სრული ჩანაწერი, მისალმებიდან დამშვიდობებამდე. უნდა დასრულდეს 9 წლიანი სპეკულაციები და ტყუილები, თითქოს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ერთი ერთზე შეხვედრა ჰქონდა სტუმართან ამ ვიზიტის დროს და თითქოს მოსაყდრის გამორჩევა რაიმე კავშირში იყოს ამ დღესთან“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.
შეხვედრის დასაწყისში მიტროპოლიტი ილარიონი ილია მეორეს მოსკოვში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს, კანონიკური წყობილების აღდგენის მე-100 წლისთავზე ეპატიჟება.
მოგვიანებით საქართველოს პატრიარქი აფხაზეთში არსებული ვითარებით ინტერესდება და მიტროპოლიტ ილარიონს მიტროპოლიტ გრიგოლ (კაცია) წარუდგენს და ეუბნება, რომ ის აფხაზეთიდანაა.
„აფხაზეთთან დაკავშირებით ახალი არაფერი გვაქვს. ის ჯგუფი, რომელიც ახალი ათონის მონასტერში შეიჭრა და საკუთარი თავი თითქოს ავტოკეფალიურ ეკლესიად გამოაცხადა, განაგრძობს იქ ყოფნას“, – მიუგო მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა.
მიტროპოლიტმა ილარიონ ალფეევმა აგრეთვე განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მზადაა ქართულ მხარესთან ერთად შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც აფხაზეთში არსებულ ვითარებას შეისწავლის.
ანდრია ჯაღმაიძემ „იმედი Live“-ში გუშინ აგრეთვე ისაუბრა აღნიშნულ კადრებზე.
„კადრები სრულად არის გადაღებული, როგორ მობრძანდება რუსეთის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, ხვდება პატრიარქს, საუბარია სხვადასხვა თემაზე. მეუფე ილარიონმა პატრიარქს გაახსენა, რომ მას სურდა აფხაზეთის თემაზე შეექმნა კომისია, რასაც მოჰყვა ის, რომ პატრიარქმა უთხრა, ჩვენთან არის წარმოშობით სოხუმელი ეპისკოპოსი გრიგოლ კაცია. გააცნო და ისურვა, რომ შედგეს ეს კომისია. ზოგადად პატრიარქი არასდროს უშვებდა ხელიდან საშუალებას, რომ აფხაზეთზე ესაუბრა. სრულად არის გადაღებული როდის შემოდის ილარიონ ალფეევი, მერე რა ხდება შიგნით და მერე გაცილებაა. ვის წარმოუდგენია, რომ ეკლესიის პირველ პირს, სხვა ეკლესიის წარმომადგენელი შეხვდეს და არავინ დაისწროს პატრიარქმა. ეს პროტოკოლურად წარმოუდგენელია. მადლობა ღმერთს, რომ ეს ჩანაწერი არსებობს. მე ვთხოვდი იმ ხალხს, რომელიც სპეკულაციას ეწევა ამ თემაზე, ახლა მაინც დადუმდნენ“, – თქვა მან.
