ლევან იზორიამ გაბედული ნაბიჯი გადადგა, რასაც ვუწონებ, რადგან ის პროცესი, რაც თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს, გაცილებით ადრე უნდა განხორციელებულიყო. ამ შემთხვევაში, ავადსახსენებელი სიტყვები, ოპტიმიზაცია-რეორგანიზაცია დღეს საჭირო აღარ იქნებოდა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
„სტრუქტურა სერიოზულ დალაგებას საჭიროებს, რადგან მმართველობის პირამიდა ამოყირავებულია და შესაბამის თანამდებობებთან მიმართებაში, ადეკვატური საშტატო ერთეულებია საჭირო. მაშინ, როცა უმაღლესი ოფიცრების რანგირება გენერლიდან ქვემოთ უნდა იყოს, აქ პირიქითაა. უფროსი ოფიცრები გაცილებით მეტი გვყავს, ვიდრე უმცროსი ოფიცრები. ეს ყველაფერი დასალაგებელია და გაბერილი შტატები შესამცირებელია. რა თქმა უნდა, ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია, მაგრამ გარდაუვალია. დღეს, სამინისტროს თანამშრომლებს მაქსიმალურად ვთხოვე, კვალიფიციური კადრების დატოვებას ყურადღება მიაქციონ და მათ, ვისაც სამსახურიდან გაუშვებენ, ადეკვატური კომპენსაცია მისცენ, ხოლო თუ სადღაც საშუალება გაჩნდება, სამსახურში ისევ ეს ადამიანები დააბრუნონ“, – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ოპტიმიზაციაში სტრუქტურების რაციონალურად და პრაგმატულად ჩამოყალიბება იგულისხმება.
„ოპტიმიზაცია გულისხმობს ადეკვატური საშტატო ერთეულების განსაზღვრას და შეიარაღებულ ძალებში ბატალიონის, ბრიგადის შესაბამისი სტანდარტებით დაკომპლექტებას. არ უნდა იყოს ისე, რომ ერთ ბატალიონში 200 ოფიცერი გვყავდეს. ყველა თანამდებობის უკან კონკრეტული წოდების მქონე სამხედრო პირი უნდა იყოს. ეს ყველაფერი უნდა დალაგდეს და ამის შემდეგ, მინიმუმ 3-4 წლის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტროში სიტყვა რეორგანიზაცია-ოპტიმიზაცია აღარ უნდა გაიგონ. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ უსამართლოდ გაუშვეს და ასე შემდეგ. ეს რისკები ასეთ პროცესს ყოველთვის თან სდევს, მაგრამ მინისტრის ბრძანებით, პოლკოვნიკები კომპენსაციის სახით 29 000 ლარს მიიღებენ, ლეიტენანტები კი – 10 000 ლარს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.