ფინეთი ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უმუშევარი მოქალაქეებისათვის ყოველთვიური უპირობო საბაზისო შემოსავლის გადახდა დაიწყო. საპილოტე პროექტის მიზანი სიღარიბისა და უმუშევრობის შემცირებაა; თანხების მოძიება სახელმწიფოსა და ბიუროკრატიის ხარჯვითი ნაწილის შემცირების ხარჯზე მოხდება.
ორი წლის განმავლობაში, ორი ათასი ადამიანი ყოველთვიურად 560 ევროს მიიღებს. ამ პერიოდში, სახელმწიფო არ მოიკითხავს დასაქმდება თუ არა ამ ადამიანთაგან ვინმე ან როგორ დახარჯავენ ისინი ამ თანხას.
სქემა შეიმუშავა KELA-მ, სამთავრობო სააგენტომ, რომელიც ქვეყნის სოციალურ შეღავათებზეა პასუხისმგებელი.
შემთხვევით შეირჩევიან ის ადამიანები, რომლებიც უმუშევრობისთვის გასამრჯელოს მიიღებენ.
თუკი პროგრამის მონაწილე სამსახურს იშოვნის, სახელმწიფოსგან ყოველთვიურ თანხას ის მაინც მიიღებს, რაც პრევენცია იქნება იმ საფრთხისა, რომ დახმარების შეწყვეტის შიშით მათ შესაძლოა სამუშაო აღარ ეძებონ.
გასული წლის ნოემბერში, უმუშევარი იყო ფინეთის 213 000 მოქალაქე (8%). ეს მაჩვენებელი იგივე იყო 2015 წელსაც.
KELA-ს წარმომადგენლის განცხადებით, ექსპერიმენტი მოგვიანებით შესაძლოა დაბალშემოსავლიან სხვა ჯგუფებზეც განივრცოს, მაგალითად შტატგარეშე მოსამსახურეებზე, მცირე მეწარმეებზე და არასრულ განაკვეთზე მომუშავეებზე.
სამთავრობო მომაცემების მიხედვით, ყოველთვიური საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე ფინეთში 3 500 ევროა.
ფინეთის ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა მინისტრის, ჰანა მანტილას განცხადებით, მსგავსი პროექტი საჭირო გახდა იმის გამო, რომ ქვეყნის სოციალური უსაფრთხოების სისტემა „დიდი სამომავლო გამოწვევის წინაშეა“.
მსგავსი საპილოტე სქემები წარმატებული აღმოჩნდა აფრიკასა და ინდოეთში. საბაზისო შემოსავლების გადახდის შემოღებას ასევე განიხილავენ შვეიცარია, ნიდერლანდები და საფრანგეთი.
http://1tv.ge/ge