„ფარას“ შემთხვევაში ეს ყველაფერი ვრცელდება ყველაზე, ფიზიკურ პირზეც და იურიდიულ პირზეც, ამიტომ უცხოური დაფინანსების მიმღები ვინც იქნება ან რაღაც სხვა ლობისტური საქმიანობის გამწევი, იქნება ღია და გამჭვირვალე, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას ახალ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით, რომელსაც მმართველი გუნდი დააინიციირებს.
მისი თქმით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რას საქმიანობენ და რაში ხარჯავენ უცხოეთიდან შემოსულ თანხებს როგორც ფიზიკური პირები, ასევე, ორგანიზაციები.
„ისევე, როგორც საქართველოს შიგნით როდესაც პარლამენტში ლობისტად რეგისტრირდება ადამიანი, მას ვალდებულება აქვს, რომ მისი საქმიანობის ანგარიში წარმოადგინოს. ანუ ჩვენთან, ჩვენი ქვეყნის შიგნით ეს საკითხი ასეა დარეგულირებული. ახლა ჯერი დადგა უცხოეთიდან მიღებულ დაფინანსებებზე, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს ასახული და საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნათელი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მან მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზეც ისაუბრა. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, რეგულაციები, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება მუშაობს, ყველა ქვეყანას გააჩნია და ის მიმართულია უმთავრესად „ფეიკ“ ნიუსების წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველაზე მაღალი სტანდარტის მქონე, ყველაზე ჩამოყალიბებული მარეგულირებელი ინსტიტუციის მქონე ბრიტანული ვარიანტი ავირჩიოთ და ამ გზას გავყვებით. ეს თვითონ მედიისთვისაც მნიშვნელოვანია. როდესაც მედია ფიქრობს, რომ ის ემსახურება ერთი არჩევნების მიზანს და „მოდი ამ არჩევნებში „ფეიკს“ გავავრცელებ თუ რაღაც სხვას, მოდელირებულს შევქმნი, არა უშავს, მიზანი ამართლებს საშუალებებს“, ეს შეიძლება მოკლევადიან შედეგს აღწევდეს, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მედია კარგავს სანდოობას საზოგადოებაში, რაც რა თქმა უნდა მედიას, როგორც ინსტიტუციას ყველაზე უფრო მძიმე ზიანს აყენებს. სახელმწიფოს არ შეუძლია იმდენი ზიანის მიყენება, რამდენიც თუ მედიას სახელი გაუტყდა, აი ამან მიაყენოს ყველაზე დიდი ზიანი, როგორც სანდოობის კუთხით, ისე მისი ფუნქციონირების კუთხით.
ამიტომ ეს კანონმდებლობები იმიტომაც არის შექმნილი, რომ დაცული იყოს საზოგადოება ცილისწამებისგან და ტყუილი ინფორმაციის თავზე მოხვევისგან და მედიაც, როგორც ინსტიტუცია დაცული იყოს იმისგან, რომ ფეიკით, ტყუილით, მოდელირებული საკითხებით არ მანიპულირებდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.