სამართალდამცველებმა სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში შეიარაღებული პირი დააკავეს. ადგილზე მყოფი პირების ცნობით, გასროლის ხმაც გაიგეს.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-თან სპეციალური დანიშნულების რაზმის, პოლიციისა და სამაშველო ჯგუფების მობილიზებაა.
როგორც ჟურნალისტებს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ განუცხადა, სამინისტროში შესული იყო შეტყობინება სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან გასროლასთან დაკავშირებით.
„აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოახდინეს სწრაფი რეაგირება. გამოვცხადდით ადგილზე და შესაბამისად, ნომერში მოხდა ღონისძიების ჩატარება. აღნიშნული პირი დაკავებულია.
როგორც შეტყობინებაში იყო აღნიშნული და როგორც სასტუმროს პერსონალმა განაცხადა, გაიგეს, სავარაუდოდ გასროლის ხმა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონკრეტულად ნომერში შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
დავაკავეთ ერთი პიროვნება, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 151-ე მუხლებით, რაც გულისხმობს მუქარასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა, შეძენა, ტარებას. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილის დათვალიერება არ არის დასრულებული და დაზუსტებით ვერ გეტყვით არის თუ არა ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
მისივე თქმით, დაკავებული ნომერში მარტო იმყოფებოდა.