საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების საქმეზე საქალაქო სასამართლოში ზურა მახარაშვილი გამოიკითხა.
როგორც პროკურორი აცხადებს, არსებობს „ნანუკას ფონდის“ ფინანსებთან დაკავშირებით კითხვები და საქმეში დევს კონკრეტული მტკიცებულებებიც. თავად მახარაშვილი ფონდთან კავშირს უარყოფს.
„გამოძიებით დასტურდება, რომ „ნანუკას ფონდის“ ბიუჯეტით არის შეძენილი აქციის მსვლელობისას გამოყენებული სხვადასხვა ნივთები, რომლებიც წინააღმდეგობისთვის იყო გამოყენებული. მათ შორის პიროტექნიკა. გამოძიების ფარგლებში დასტურდება, რომ სწორედ ეს პიროტექნიკა მიიტანეს ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე და მის შესაძენად „ნანუკას ფონდიდან“ გადაირიცხა თანხა კონკრეტულ პირთან. ის საქმეში მოწმის სახით გამოიკითხა. ვინაიდან მოწმეს გააჩნდა შემხებლობა „ნანუკას ფონდთან“, მას დაესვა კითხვები ამ საკითხზე, თუმცა ის აცხადებდა, რომ არანაირი შემხებლობა არ გააჩნია „ნანუკას ფონდთან“ და არის მხოლოდ პროდიუსერი, რაც იქნება გადამოწმებული“, – აღნიშნა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.
საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისა და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებას. ამ საქმეზე საგამოძიებო უწყებამ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარა.