შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორთან და ამავე დეპარტამენტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
გეკა გელაძემ დეპარტამენტის დირექტორისგან მიგრაციის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ასევე, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის კუთხით განხორციელებულ და სამომავლო ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას. აღინიშნა, რომ უკანონო მიგრაცია არა მხოლოდ ლოკალური, არამედ გლობალური მასშტაბის გამოწვევაა, რაც კომპლექსურ მიდგომასა და მასთან ბრძოლის მექანიზმების კიდევ უფრო დახვეწას საჭიროებს.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე, გამახვილდა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენისა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაჩვენებელზე. მიმდინარე წელს გაძევებულ უკანონო მიგრანტთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია და მნიშვნელოვნად აღემატება 2022-2023-2024 წლებში გაძევებული პირების ჯამურ რაოდენობას.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი „საერთაშორისო დაცვის შესახებ“, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გამკაცრების, საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად სარგებლობის პრევენციის მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.