უკვე გასაგები და ცხადია, ღვთის ნება როგორია, გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ, – განაცხადა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.
ამასთან, მეუფე ნიკოლოზი არ გამორიცხავს, რომ საპატრიარქო ტახსტის მოსაყდრემ სინოდის გაფართოებულ სხდომაზე მეტი მხარდაჭერაც მიიღოს, ვიდრე დღეს.
„კანდიდატებს ყველანი ვიცნობთ, ახალი რა უნდა ეთქვათ. ადრე ითქვა, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს თავისი პროგრამაო. ამაზე საუბარი არ ყოფილა. არ ვიცი, რა იქნება გაფართოებულ სინოდზე. უკვე გასაგებია, ღვთის ნება როგორია, დღეს ეს უკვე ცხადია. გაფართოებული კრების საჭიროებას საერთოდ ვერ ვხედავ. გაფართოებულ კრებაზე მოსული ადამიანები მხოლოდ აზრს გამოთქვამენ. დღეს ითქვა, თითოეულ ეპარქიას ამისთვის სამი წუთი მიეცესო. წარმოუდგენელია, 1 500-მა კაცმა ილაპარაკოს. ჩემი აზრით, გაფართოებულ კრებას ერთადერთი იმ მხრივ აქვს მნიშვნელობა, რომ ისტორიული მოვლენაა. ადამიანებს, ვინც მას დაესწრებიან, ექნებათ შეგრძნება, რომ მონაწილეობა მიიღეს“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
პატრიარქობის სამი კანდიდატი ცნობილია. როგორც სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს კანდიდატები არიან – საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი, მეუფე იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი.
ჯაღმაიძის ინფორმაციით, 20 ხმა მიიღო მეუფე შიომ, დანარჩენმა კანდიდატებმა კი – 7-7 ხმა.
