ევროპარლამენტში რუსეთში ვიზიტის გამო რამდენიმე ევროდეპუტატის სანქცირების საკითხს განიხილავენ.
ევროპარლამენტის რამდენიმე წევრს, მათ შორის რუმინელ ევროდეპუტატ დიანა შოშოაკეს, შესაძლოა, სანქციები დაეკისროს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის გამო, რომელშიც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მონაწილეობდა.
მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ დისციპლინურ კომიტეტს მიმართა, რათა შეისწავლოს ლუქსემბურგელი ევროდეპუტატის ფერნან კარტაიზერის ქმედებები და დაადგინოს, შეესაბამებოდა თუ არა მისი, ასევე სხვა მონაწილე ევროდეპუტატების მოქმედებები ევროპარლამენტის წესებს.
როგორც მედია წერს, მეცოლას ყურადღება განსაკუთრებით მიიპყრო დოკუმენტმა, რომელიც კარტაიზერმა სანქტ-პეტერბურგში წარადგინა და რომელიც, მისი თქმით, ევროპარლამენტარების სახელით იყო მომზადებული, თუმცა მას ხელმოწერები არ ერთვოდა. დოკუმენტი ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენის პერსპექტივებს ეხებოდა, თუმცა მასში რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არ იყო ნახსენები.
ევროპარლამენტის პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნულმა დოკუმენტმა შესაძლოა, შექმნას შთაბეჭდილება, რომ ევროპარლამენტსა და რუსეთის დუმას შორის არაოფიციალური საკომუნიკაციო არხი არსებობს.
მეცოლამ ასევე აღნიშნა, რომ კარტაიზერს სრულად არ ჰქონდა დეკლარირებული მესამე ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან შეხვედრები. ევროპარლამენტის წესების მიხედვით, დეპუტატები ვალდებულნი არიან, აცნობონ ინსტიტუციას იმ ღონისძიებებში მონაწილეობის შესახებ, რომელთა ხარჯებს მესამე მხარე ფარავს. დისციპლინური კომიტეტი თუ დაადგენს, რომ კარტაიზერმა ქცევის კოდექსი დაარღვია, მას შეიძლება, დაეკისროს ფინანსური ჯარიმა ან აეკრძალოს ევროპარლამენტის წარმომადგენლობა საერთაშორისო ვიზიტების დროს.
თავად, კარტაიზერმა განაცხადა, რომ საქმის შესახებ მედიიდან შეიტყო და აღნიშნა, რომ არაფერი აქვს დასამალი და თავისი საქმიანობით ამაყობს.
ამასთან, რუმინული მედიის ცნობით, ანალოგიური გამოძიება შესაძლოა, დიანა შოშოაკეს წინააღმდეგაც დაიწყოს. შოშოაკემ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების საფუძველს ვერ ხედავს, რადგან რუსეთში საკუთარი სახსრებით იმყოფებოდა.
„რუსეთი აკრძალული ქვეყანა არ არის და ვერავინ აგვიკრძალავს იქ ან საერთაშორისო ფორუმებზე გამგზავრებას. ვიდრე ევროპულ სახსრებს არ ვიყენებ და ვიზიტს რუსეთი არ აფინანსებს, გამოძიების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა შოშოაკემ.
