შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულმა დაზარალებულს საერთო ბიზნესსაქმიანობის დაწყების მიზნით, შესთავაზა სამშენებლო კომპანიის შესყიდვა მიწის ნაკვეთით, სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის შეთანხმებული პროექტითა და ნებართვით.
ასევე, მან დაზარალებული დაარწმუნა, რომ კავშირების გამოყენებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის შეძენაში დაეხმარებოდა.
დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ 350 000 ლარს.
პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
