„74 წლის ქალბატონი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნება სხეულის სხვადასხვა მიდამოს დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში, სადაც უტარდება შესაბამისი მკურნალობა-მონიტორინგი”, – ამის შესახებ კომბუსტიოლოგი, გიორგი აბესაძე ქუთაისში აფეთქების დროს დაზიანებული ქალბატონის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას აცხადებს.
როგორც ის განმარტავს, ამ ეტაპისთვის, მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, პაციენტს აქვს ქრონიკული დაავადებები, ასევე, თერმოინჰალაციური დაზიანება, რაც მის სიმძიმეს განაპირობებს.
“ამიტომ, ჯერჯერობით არ შემიძლია ვთქვა, როგორი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. 12%-ია სხეულის ფართობის დაზიანებული და როგორც აღვნიშნე, პაციენტს აქვს თერმოინჰალაციური დაზიანება”, – განაცხადა გიორგი აბესაძემ.
შეგახსენებთ, ქუთაისში, 5-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს დილით მოხდა.
შემთხვევა გაზის დაგროვებამ გამოიწვია.
