გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითიზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეები 4 ერთეული თხმელას სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ. ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერების შემდეგ, ერთ-ერთი მოქალაქე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს ფიზიკურად გაუსწორდა და ერთ-ერთ მათგანს სხეულის დაზიანება თავის არეში მიაყენა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნულ ფაქტზე, შსს-ს ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ი. ლ. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით დააკავეს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის გულისხმობს.
